მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ღაზაში ომი გრძელდება-ისრაელის თავდაცვის ძალებმა 3 ისრაელელი ტყვე შემთხვევით მოკლეს

ღაზაში ომი გრძელდება. ისრაელის შეიარაღებული ძალები “ჰამასის” პოზიციებს უტევს და, ამასთან, ტყვეების გათავისუფლებაზე მუშაობს. ბოლო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. სარაკეტო იერიშებს განაგრძობს “ჰამასიც”, იერუსალიმისკენ ნასროლი რაკეტები “რკინის გუმბათმა” გაანეიტრალა.

ცნობილი ხდება, რომ ისრაელმა ომის შემდეგ, ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით “კერემ-შალომის” გამშვები პუნქტი პირველად გახსნა. ამას კი წინ უსაფრთხოების საკითხებში, ჯო ბაიდენის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის ვიზიტი უძღოდა, რომელიც ისრაელს ომის მალე დასრულებისკენ მოუწოდებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში შეცდომით 3 ისრაელელ ტყვეს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია IDF-ის სპიკერმა, დენიელ ჰაგარმა გაავრცელა.

მისი თქმით, შემთხვევა ისეთ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ბევრ ტერორისტი მათ შორის, კამიკაძეები გადაადგილდებიან.

დაღუპულებს შორისაა, იოთამ ჰაიმსი, რომელიც ჰამასმა კფარ აზადან გაიტაცა, ასევე, ნირ ამიდან გატაცებული სამარ ტალალკა. მესამე დაღუპულის ვინაობა მისი ოჯახის წევრების თხოვნით, არ საჯაროვდება.

IDF ვარაუდობს, რომ სამივე მძევალმა ტყვეობიდან გაქცევა მოახერხა, ან თავად ჰამასის წევრებმა საბრძოლო მოქმედებებისას მიატოვეს.
“მძიმე და მტკივნეული სიახლე უნდა შეგატყობინოთ. შეიჯაიაში ბრძოლისას, ისრაელის თავდაცვის ძალებმა 3 ისრაელელი ტყვე შემთხვევით მიიჩნიეს საფრთხედ და მათ ცეცხლი გაუხსნეს. სამწუხაროდ, სამივე მათგანი მოკლულია. ეჭვი ცეცხლის გახსნის შემდგომი გამოკვლევისას გაგვიჩნდა, ცხედრები ისრაელის ტერიტორიაზე გადმოვასვენეთ, სადაც დადასტურდა, რომ ისინი ჩვენი ტყვეები იყვნენ,” – განაცხადა კონტრ-ადმირალმა, ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახურის უფროსმა, დანიელ ჰაგარმა.
ჰაგარის განცხადებით, “ტრაგიკულ ინციდენტზე” პასუხისმგებლობა ისრაელის თავდაცვის ძალებს ეკისრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button