ღაზის სექტორში ინდონეზიური საავადმყოფო დაიბომბა

20 ნოემბერს ინტენსიური ბრძოლის შედეგად ღაზის სექტორში ინდონეზიური საავადმყოფო დაიბომბა რომელსაც კვირების განმავლობაში აფარებენ თავს ათასობით პაციენტი და იძულებით გადაადგულებული პირები – იმ ფონზე, როცა ისრაელი აძლიერებს თავის შეტევას, რომელიც, მისი თქმით, მიმართულია აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული “ჰამასისა” და მათი ინფრასტრუქტურის განადგურებაზე. ინფორმაციას საავადმყოფოს მედიკოსსა და “ჰამასის” მიერ მართულ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით aljazeera ავრცელებს და წერს, რომ თავდასხმა ისრაელის მხრიდან მოხდა, ჭურვი კი საავადმყოფოს მეორე სართულს მოხვდა, სადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა აშრაფ ალ-ქუდრამ გამოცემას განუცხადა, რომ “სიტუაცია კატასტროფულია”.
„ინდონეზიის საავადმყოფოს პერსონალი ამტკიცებს, რომ დაჭრილების სამკურნალოდ დარჩებიან. საავადმყოფოში 700-მდე ადამიანია, მათ შორის სამედიცინო პერსონალი და დაშავებულები“, – განაცხადა მან.
ინდონეზიის საავადმყოფოს თანამშრომელმა, მარვან აბდალაჰმა კი განაცხადა,რომ “ისრაელის ტანკები საავადმყოფოდან 200 მეტრის მოშორებით ოპერირებდნენ და ისრაელის სნაიპერები ახლომდებარე შენობების სახურავებზე ჩანდნენ”. ამ შეტევამდე ერთი დღით ადრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შიფას საავადმყოფოდან განახორციელა 31 ნაადრევად დაბადებული ჩვილის ევაკუაცია.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში ჰამასის 3 მეთაურია ლიკვიდირებული.
ამასთან, თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელელმა სამხედროებმა გაანადგურეს შენობა, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი სხვადასხვა მიზნით, მათ შორის იარაღის საწყობად იყენებდა.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) განცხადებით, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის გაშუქებისას სულ მცირე 48 ჟურნალისტი დაიღუპა.
მსხვერპლს შორის 43 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი ჟურნალისტია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 9 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 13 კი დაკავებულია.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.