ღაზის სექტორში უმსხვილესი ალ-შიფას საავადმყოფო “თითქმის სასაფლაოა”-WHO
ღაზის ბავშვთა საავადმყოფოს სარდაფში ჰამასი იარაღს ინახავდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ღაზის სექტორში უმსხვილეს საავადმყოფოს “თითქმის სასაფლაო” უწოდა.
ალ-შიფას საავადმყოფო, რომელიც მდებარეობს ღაზის ჩრდილოეთით – ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოხვდა ინტენსიური ბრძოლების ფრონტის ხაზზე ისრაელის თავდაცვის ძალებთან (IDF). ისრაელი ამბობს, რომ “ჰამასი” სამეთაურო-საკონტროლო ცენტრს ფლობს საავადმყოფოს ქვეშ გვირაბებში. “ჰამასი” და საავადმყოფო ამას უარყოფენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერმა, კრისტიან ლინდმაიერმა თქვა, რომ დაახლოებით 600 ადამიანი რჩება საავადმყოფოში, სხვები კი დერეფნებში აფარებენ თავს.
“საავადმყოფოს ირგვლივ არის ცხედრები, რომელთა მოვლა ან დაკრძალვაც კი შეუძლებელია, ან წაყვანა რომელიმე მორგში. საავადმყოფო აღარ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. თითქმის სასაფლაოა”, – თქვა მან.
ექიმები ამბობენ, რომ იმის გამო, რომ ისრაელის ხელისუფლების მხრიდან არ აქვთ ნებართვა, დატოვონ კლინიკა იმისთვის, რომ დაკრძალონ გარდაცვლილები, კლინიკის ტერიტორიაზე შევიდნენ ძაღლები, რომლებიც გვამებს ჭამენ.
გარდა ამისა ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფოები, ალ-შიფა და ალ-ყუდსი ვეღარ მუშაობენ საწვავის და ელექტროენერგიის უკმარისობის გამო. ამის შესახებ განაცხადა პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ.
ისრაელის არმიამ, რომელიც „ჰამასის“ წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს აწარმოებს, საავადმყოფოების პერსონალს ევაკუაცია მოსთხოვა, თუმცა, პალესტინური მხარის თანახმად, ექიმები ამაზე უარს ამბობენ, რადგან მხოლოდ ალ-შიფაში სიკვდილის საფრთხე ემუქრება 700-მდე პაციენტს. ტელეკომპანია CNN-ს მოჰყავს საავადმყოფოს დირექტორ მოჰამედ აბუ სალმიას სიტყვები, რომ სიტუაცია კატასტროფულია, განსაკუთრებით ახალშობილებისთვის, რომელთა გადარჩენას ყველა საშუალებით ცდილობენ. 13 ნოემბერს ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გასულ სამ დღეში, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ ალ-შიფაში გარდაიცვალა 32 პაციენტი, მათ შორის 3 დღენაკლული ჩვილი. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.
დღეს, 14 ნოემბერს, ისრაელის მთავრობის პრესმდივანმა ეილონ ლევიმ გამოაცხადა, რომ ისრაელის არმიამ დაიწყო მუშაობა, რათა ღაზაში მდებარე საავადმყოფო ალ-შიფას მიაწოდონ დღენაკლული ჩვილებისთვის საჭირო ინკუბატორები. ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ უნდა იმუშაონ მათ, თუ საავადმყოფოს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობა ალ-შიფასთან საბრძოლო მოქმედებებს იმით ხსნის, რომ შენობის ქვეშ „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტი მდებარეობს. ეს CNN-ს დაუდასტურა ამერიკელმა მაღალჩინოსანმაც, რომელიც ინფორმირებულია შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემების შესახებ. წყაროს თანახმად, „ჰამასი“ თავისი მიზნებისთვის იყენებს საავადმყოფოსთვის განკუთვნილ საწვავს. „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტის არსებობას უარყოფს.
ამასთან ისრაელის არმია ავრცელებს ვიდეოებსა და ფოტოებს, რომელიც მათი მტკიცებით აჩვენებს, რომ ღაზის ბავშვთა საავადმყოფოს სარდაფში ჰამასი იარაღს ინახავდა. მათივე თქმით, ამავე ადგილას ჰყავდათ მძევლები.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ აღმოაჩინეს სარდლობის ცენტრი იარაღის არსენალით, მათ შორის ყუმბარებით, თვითმკვლელი ჟილეტები და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები. მისი თქმით, ჰამასი ამ ყველაფერს რანტისის პედიატრიულ ჰოსპიტლის სარდაფში ინახავდა.
“ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ ნიშნები იმისა, რომ ჰამასს აქ მძევლები ჰყავდა. ამჟამად ჩვენ ვიძიებთ საკითხს”, – თქვა მან ბრიფინგზე.
კადრებზე მან აჩვენა საცხოვრებელი ოთახები, მათ შორის პატარა სამზარეულო, ასევე გვირაბის შახტი, რომელიც ჰაგარის თქმით, ჰამასის საზღვაო ძალების უფროსი მეთაურის სახლამდე მიდიოდა.
“ჰამასმა მთელი ეს ტერიტორია თავის კონტროლის ქვეშ აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ომს ამ საავადმყოფოდან აწარმოებდა”, – განაცხადა მან.
ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ მიერ ღაზის სექტორის საავადმყოფოების საკუთარი მიზნებით გამოყენებაზე 13 ნოემბერს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა. მისი განცხადებით, საავადმყოფოები და იქ მყოფი პაციენტები დაცული უნდა იყვნენ, მაგრამ ვითარებას უკიდურესად ართულებს „ჰამასის“ მიერ სამედიცინო დაწესებულებების სამეთაურო პუნქტებად გამოყენება. მილერის თქმით, ყველა მხარე, რომელიც ისრაელს საავადმყოფოების დაცვისკენ მოუწოდებს, „ჰამასისგანაც“ უნდა მოითხოვდეს მათ გათავისუფლებას.
ღაზის სექტორის საავადმყოფო ალ-შიფის შესახებ 13 ნოემბერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც. მისი განცხადებით, საავადმყოფო დაცული უნდა იყოს და ამ საკითხს ისრაელთან განიხილავენ.
ალ-შიფა უკვე სამი დღეა ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა, ბრძოლა და აფეთქებების შენობის გარეთ სიტუაცია ართულებს.
“ჩემი სურვილი და მოლოდინია, რომ საავადმყოფოსთან შედარებით ნაკლები არასასურველი ქმედებები იქნება განხორციელებული. კონტაქტზე ვართ ისრაელთან. ასევე, არის მცდელობა, რომ პაუზა მივიღოთ პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები მიმდინარეობს კატარელებთანაც. ასე რომ, გარკვეულწილად იმედი მაქვს, თუმცა საავადმყოფო დაცული უნდა იყოს,” – თქვა ბაიდენმა.
გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა მხარდაჭერის სააგენტომ (UNRWA) 10 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ომის დაწყებიდან ღაზის სექტორში მისი 100-ზე მეტი თანამშრომელია დაღუპული.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 11 000-ზე მეტი ადამიანი.
ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.