მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ღია სივრცეში პირბადის ტარება შესაძლოა ისევ სავალდებულო გახდეს

ღია სივრცეში პირბადის ტარება შესაძლოა, კვლავ სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მოშვებულია მოსახლეობა. პირბადის ტარება იგივე დახურულ სივრცეებშიც აღარ მიმდინარეობს და დღეს იქნა გადაწყვეტილება, რომ იგივე ღია სივრცეებში დაწესდეს – პირბადესთან მიმართებაში ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდაციას, რომ ღია სივრცეებში, სადაც იკრიბება გარკვეული რაოდენობა ადამიანების, ან არის კოლექტიური შეკრებები, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება – დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის, შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და ალბათ, შესაბამისი ცვლილებები შევა განკარგულებაში პირბადის ხმარებასთან მიმართებაში ღია სივრცეებში, სადაც გარკვეული რაოდენობა ადამიანების შეიკრიბება“.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო შტაბი მალე მიიღებს. მისივე თქმით, შეზღუდვების საკითხში დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველთვის უფრო რადიკალურია და წარდგენილი აქვს რეკომენდაციების მთელი ნუსხა, სადაც მთავარია, ერთი მხრივ, ვაქცინაციის გააქტიურება და მეორე მხრივ, გონივრულობის ფარგლებში გარკვეული შეზღუდვების დაწესება:

“მაგრამ, ამავე დროს მოსახლეობამ უნდა იცოდეს და ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება და იქნება ტენდენცია გაუარესების, დაავადებათა კონტროლის ცენტრი უფრო მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დავაყენებთ”.

შეგახსენებთ, დღეს, 20 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის დღიური 2 616 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 26 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button