„გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?“

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი – „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?“. 

ცესკომ ეს გადაწყვეტილება, 28 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო.

კომისიის ცნობით, სარეფერენდუმო საკითხი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი, დავით კუჭავა.

საინიციატოვო ჯგუფმა ცესკო-ს დადგენილი წესით 3 თვის ვადაში უნდა შეაგროვოს 200 ათასი ხელმოწერა, რის შემდეგაც ცესკო ხელმოწერების ნამდვილობას შეამოწმებს და არაუგვიანეს 1 თვის ვადისა, პრეზიდენტს წარუდგენს გადაწყვეტილების მისაღებად.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

თუ იდეის ავტორებმა საჭირო ხელმოწერები შეაგროვეს, სავარაუდოთ აღნიშნული რეფერენდუმი 2016 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად შედგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button