გიორგი ანწუხელიძის ოჯახი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევს
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახი, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, სამართლიანობის აღდგენას უწოდებს.
წამებით მოკლული გმირის მამიდა, ეთერ ანწუხელიძე, რადიო ჰერეთთან საუბარში, ამბობს, რომ 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომზე სასამართლოს პოზიცია, მისი ძმისშვილის გმირობის საერთაშორისო აღიარებაა
“ამაზე კარგი დღეს რა უნდა მომესმინა, მეზობლებთან ვარ და ტელევიზორთან ვტირი. ამით აღდგა სამართლიანობა. აბა ტყუილად შეეწირა ჩემი ბიჭი სამშობლოს? არავის ეგონოს, რომ იქ დაღვრილი სისხლი ამაოა, დღეს საბოლოოდ დამტკიცდა, რომ გიორგი ქვეყნისათვის დაიღუპა და მისი მსხვერპლი ტყუილად არ ჩაივლის. ეს მისი თავდადების საერთაშორისო აღიარებაა. ჩვენ მაშინაც ბევრი ვიტირეთ, როცა საქართველოს ომის დაწყებას აბრალებდნენ, მაგრამ დღევანდელმა დღემ დამარწმუნა, რომ გიორგის სახელს დავიწყება არ უწერია” – განაცხადა ეთერ ანწუხელიძემ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრები, საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი, 24 წლის გიორგი ანწუხელიძე, 2008 წელს ტყვედ ჩავარდნილი, ოსმა სეპარატისტებმა წამებით მოკლეს.
გარდაცვალების შემდეგ, ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ, დღეს რუსეთის ფედერაცია
საქართველოსთან ომში პასუხისმგებლად ცნო და მისი მხრიდან, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციით აღიარებული მთელი რიგი უფლებების დარღვევა დაადგინა.