გიორგი ბაჩიაშვილი ასაჯაროებს წერილს, რომლითაც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გარიგება შესთავაზა
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი ოლიგარქ ივანიშვილის მუქარის წერილს ასაჯაროებს.
ირკვევა, რომ ივანიშვილმა ბაჩიაშვილს წერილი სასამართლო განხილვის პარალელურად მისწერა და მისგან თავისუფლების სანაცვლოდ, 5000 ბიტკოინი მოითხოვა.
“ქვემოთ მოყვანილია ის წერილი რომელიც ივანიშვილმა გამომიგზავნა. 90’იანებში ამას „კრიმინალური შოჩიკი“ ეწოდებოდა” – აღნიშნავს ბაჩიაშვილი და წერილს აქვეყნებს:
“როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 27 მარტს დანიშნულია წინასასამართლო სხდომა, სადაც მათ შორის წყდება არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხი. შესაბამისად, ამ ეტაპამდე, დაზარალებული მხარე თანახმაა, რომ მიიღოს ბრალის დადგენილებაში საბოლოოდ ასახული ბიტკოინების რაოდენობის 60%;
არსებულ შეთავაზებაზე უარის თქმის, პასუხის გაცემის გაჭიანურების შემთხვევაში, შეთავაზების გაკეთებიდან ყოველ მომდევნო თვეს (ამ შემთხვევაში 2024 წლის 1 აპრილიდან), დაზარალებულისათვის გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა გაიზრდება 5%-ით. მაგალითად, აპრილის თვიდან, ნაცვლად 60 %-ისა მისაღები იქნება ბიტკოინების სრული რაოდენობის მინიმუმ 65%-ის გადაცემა, მაისის თვიდან 70%-ის გადაცემა და ა.შ. დაზარალებული მხარის პოზიციის აშკარა მართებულობის გათვალისწინებით, ჩვენი ვარაუდით, სასამართლომ წლის ბოლომდე უნდა მოახერხოს საქმის განხილვა და აღნიშნული პერიოდის გასვლისას, შეთავაზების მიუღებლობის შემთხვევაში, ბრალდებულ მხარეს ამოწურული ექნება ყოველგვარი დისკონტის მიღების შესაძლებლობა;
თუკი ბრალდებული მიიჩნევს, რომ იგი მოახერხებს მითვისებული კრიპტოვალუტის რაიმე ფორმით განკარგვას და აღნიშნულით რაიმე სარგებლის მიღებას, მისი აღნიშნული მცდელობა ფუჭი იქნება, ვინაიდან დაზარალებული მხარე გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად;
გთხოვთ, გვაცნობეთ თქვენი პოზიცია წინამდებარე შეთავაზებასთან დაკავშირებით.” – ნათქვამია წერილში, რომელსაც ბაჩიაშვილი ასაჯაროებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გაიმართა.
პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, კერძოდ, ბრალდებაში აღნიშნულია, რომ მან 2015 წლის ზაფხულში, პირადად მობილიზებული და ინვესტორების მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
პროკურატურა მას ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა მას გადასცა ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომლის თანახმადაც, სთავაზობდნენ 5 000 ბიტკოინის გადახდას – “ამ თანხის მაშინვე არ გადახდის შემთხვევაში, გაზრდიდნენ ყოველთვიურად 500 ბიტკოინის ოდენობით”.
გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, მიმდინარე პროცესს “სამართალთან არაფერი აქვს საერთო”.
“წერილის შინაარსი იყო შემდეგი: მათ იცოდნენ, რომ ეს სასამართლო დასრულდება დაახლოებით 1 წლის ვადაში ჩემი პასუხისგებაში მიცემით და მთავაზობდნენ, რომ გადამეხადა 5 000 ბიტკოინი, თუ არ გადავიხდიდი ამ თანხას მაშინვე, ამ თანხას გაზრდიდნენ ყოველთვიურად 500 ბიტკოინის ოდენობით, ანუ, ეს ასტრონომიული რიცხვებია ყველასთვის, ჩემთვისაც ასტრონომიული ციფრია და ეს არის პირდაპირ გამოძალვა და როგორც კი მათი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, მათ დაიწყეს ეს სასამართლო პროცესები, დაჩქარებულად.
ანუ, როგორც გვიწინასწარმეტყველა თავის წერილში, ზუსტად ისე მიმდინარეობს ახლა გამოძიება და თავიდანვე ეს ცალსახა იყო, რომ აქ სამართალთან არ აქვს საერთო არაფერი ამ პროცესს. ჩემმა ადვოკატმა გახსნით სიტყვაში ძალიან ბევრი ისაუბრა, რომ თუკი რამე პრეტენზია შეიძლება თეორიაში არსებობდეს, ეს უნდა ყოფილიყო სამოქალაქო დავა, თუმცა სამოქალაქო დავასთან ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, იმიტომ რომ ივანიშვილის პირადი ჩვენების მეტი არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამტკიცებს საერთოდ რაიმე სახის პარტნიორობას”, – ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.
6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილის ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება.
ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.
პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა.