უკრაინის ხერსონის ოლქის პრაქტიკულად, მთელ ტერიტორიაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს.

უკრაინელების კონტრშეტევა სულ უფრო წარმატებულია. ხერსონის ოლქი თანდათან კიევის კონტროლის ქვეშ გადადის. ოკუპანტებმა უკვე დატოვეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი. სოციალურ ქსელში კი ვრცელდება ახალი ვიდეომასალა რუსული არმიის პანიკური უკან დახევის შესახებ. პარალელურად უკრაინული არმია აგრძელებს ლოგისტიკური ობიექტების დაზიანებას – მდინარე დნეპრზე გადასასვლელი ხიდი მუდმივი თვდასხმების სამიზნეა.
ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით. მისივე ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხერსონის მცხოვრებთ გაუგზავნეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ სამუშაო ადგილები უნდა დატოვონ. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ხერსონში ინტენსიურად ისმის აფეთქებების და სროლის ხმა.
აფეთქებებს ადასტურებს კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“. მისი ცნობით, დღეს დილით, რუსეთის სამხედრო ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ იერიშის მოსაგერიებლად სულ მცირე ხუთი რაკეტა გაუშვა. ამავე სააგენტოს ხერსონის პრორუსული, დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა განუცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დღეს ისევ მიიტანეს იერიში მდინარე დნეპრზე მდებარე ანტონოვკის საავტომობილო ხიდზე. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდის მწყობრიდან გამოყვანა ივლისიდან დაიწყეს ამერიკული სარაკეტო სისტემებით(HIMARS).
29 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა დაჯგუფება „კახოვკამ“ განაცხადა, რომ ხერსონის ოლქში გაარღვიეს რუსეთის ჯარის თავდაცვის პირველი ხაზი. რუსეთის მიერ ხერსონი ოკუპირებულია 2022 წლის მარტიდან.
29 აგვისტოს ღამით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში სამი მიმართულებით სცადეს შეტევა, რომელიც წარუმატებელი იყო. დღისით, ხერსონის პრორუსული, დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ უკრაინელი სამხედროები შეტევაზე არ გადასულან და ხერსონში სიმშვიდეა.
გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იბრუნებს და დაიბრუნებს ხარკოვს, ლუგანსკს, დონეცკს, ზაპოროჟიეს, ხერსონს და ყირიმს. ზელენსკიმ რუს სამხედროებს მოუწოდა, თუ თავის გადარჩენა სურთ, დროა გაიქცნენ, ან ტყვედ ჩაბარდნენ.
ამასთან ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო – ეს ის 4 სოფელია, რომელიც მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ ხერსონის ოლქში დაიბრუნა. წყაროს ცნობით, შეტევის ძირითადი მიმართულება პრავდინო იყო.
ომის დაწყებიდან 188-ე დღეს ოკუპანტების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ისევ ხარკოვი რჩება რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი არტილერიით დღეს უკვე მეორედ დაბომბეს. საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ვერ დაიკავეს და მას ციდან და ხმელეთიდან ერთდროულად უტევენ. ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, ცეცხლი მრავალსართულიან შენობას გაუჩნდა.
ქალაქის ცენტრზე განხორციელებულ თავდასხმებს დღეს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 10-მდე მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა. ქალაქი ხარკოვი და ოლქის რამდენიმე დასახლება მხოლოდ დღეს 32-ჯერ დაიბომბა.
2 მშვიდობიანი მოქალაქე კი საოკუპაციო ძალების სარაკეტო იერიშს ქალაქ მიკოლაევში შეეწირა. დაშავებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. დღის ბოლოს ქალაქი ისევ გახდა სამიზნე. კვლავ საცხოვრებელი სახლები. სარაკეტო იერიშს საღამოს კიდევ 2 ადამიანი ემსხვერპლა, ათამდე კი დაიჭრა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ისევ დაბომბეს ზაპოროჟიეს ოლქი, სადაც კვირის ბოლოს საერთაშორისო ექსპერტებს ელოდებიან. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უკვე კიევშია. 14 წევრისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელსაც სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ხელმძღვანელობს, ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების მონიტორინგი უნდა განახორციელოს. ბოლო რამდენიმე კვირაა, ზაპოროჟიეში ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმები ხშირად ხდება, რაშიც რუსული და უკრაინული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ვლადიმერ პუტინი კი მოსკოვში როსგვარდიის მეთაურს ხვდება და უფრო მეტ აქტიურობას სთხოვს. რუსულ არმიას ახლა აშკარად სჭირდება სრული მხარდაჭერა – მათ შორის გასამხედროებული ორგანიზაციებისგან. სამხრეთის ფრონტზე პოზიციების შესანარჩუნებლად და წარუმატებლობის დასამალად კრემლმა შეტევის წამოწყება სცადა ხარკოვის მიმართულებით სადაც ქალაქის დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.
BBC-ის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ხერსონში, რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. მმართველის მოადგილემ ქალაქი დატოვა და რუსეთიდან აგრძელებს მუშაობას.
BBC-ის ცნობით, სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ სტრემოუსოვის ბოლო ვიდეომიმართვები რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, სასტუმრო “მარიოტშია” გადაღებული. ვორონეჟი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 200 კმ/შია.
BBC ასევე წერს, რომ დაზუსტებით არ იციან, რატომ ან როდის დატოვა მან ხერსონი, თუმცა დადასტურებულად აღნიშნავენ, რომ დროებით ოკუპირებული ხერსონის ე.წ ლიდერის მოადგილე რუსეთის დასავლეთში მდებარე ქალაქში იმყოფება.
გუშინ, 29 აგვისტოს CNN-მა უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონთან ახლოს 4 სოფელი გაათავისუფლეს.
წყაროს ცნობით, გათავისუფლებული სოფლებია: ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო.
შეგახსენებთ, 29 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთში კონტრშეტევაზე გადავიდნენ. მათ ოკუპირებულ ხერსონთან მდებარე 4 სოფელი გაათავისუფლეს.