მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩვენ ვაჭრობას და ეკონომიკას არ ვაჩერებთ -იმედია ქალბატონი დეგნანი ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები გაგებით მოეკიდებიან ამ ფაქტს

მე მჯერა, ქალბატონი დეგნანი, ჩვენი ევროპელი მეგობრები, ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ყველანი, გაგებით მოეკიდებიან ამ ფაქტს, რომ ჩვენ ვაჭრობას და ეკონომიკას არ ვაჩერებთ , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის მიერ გაკეთებულ შემდეგ განცხადებას გამოეხმაურა: „უცნაურად ჩანს სისხლიანი რეჟიმის ამ ჟესტის მიღება, რომელიც იმას უკეთებს ახლა უკრაინას, რაც საქართველოს 15 წლის წინ გაუკეთა“.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან ამ თემაზე კიდევ ერთხელ ექნება საუბარი.

„მე არ მომისმენია ქალბატონი დეგნანის განცხადება, მაგრამ მინდა გიპასუხოთ, ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამოცანა, რომ გავძლიერდეთ, როგორც ეროვნული, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და არა შეზღუდული სუვერენიტეტით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მჯერა, ქალბატონი დეგნანი, ჩვენი ევროპელი მეგობრები, ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ყველანი, აი, ამ ჩვენს განსაკუთრებულ მდგომარეობას კიდევ ერთხელ კარგად გაითვალისწინებენ, ჩვენ გვექნება მათთან საუბარი კიდევ ერთხელ და გაგებით მოეკიდებიან ამ ფაქტს, რომ ჩვენ ვაჭრობას და ეკონომიკას არ ვაჩერებთ ისევ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აგვისტოს ომის შემდეგ 2.5 ტრილიონი დოლარის საქონელი იყიდა ევროკავშირმა რუსეთისგან და არც ამერიკას არ შეუჩერებია რუსეთთან ვაჭრობა.

„რაც ხდება დღეს უკრაინაში, თქვენ ახსენეთ სისხლის ღვრა, ჩვენთან ეს უკვე მოხდა 2008 წელს და როგორ არის? – ქართველი კაცის სისხლი არ არის სისხლი და უკრაინელის სისხლი სისხლია? ჩვენ ქართველებმა ბევრი სისხლი გავიღეთ, სამი ომი გადავიტანეთ, სამოქალაქო ომი, ნატოს მისიებში ვიყავით, ავღანეთში, ერაყში. ჩვენმა ბიჭებმა, გმირებმა, სისხლი გაიღეს და შეწირეს აი, ამ მისწრაფებას, მიზანს იდეას და ასეულობით ჩვენი ჯარისკაცია დღეს მძიმედ დაჭრილი, ეს არ არის სისხლი?

აგვისტოს ომის შემდეგ 2.5 ტრილიონი დოლარის საქონელი იყიდა ევროკავშირმა რუსეთისგან. ამერიკას ვაჭრობა არ შეუჩერებია დღესაც, თქვენ შეგიძლიათ მონაცემები გამოითხოვოთ. შეამცირეს, მაგრამ დღესაც ვაჭრობენ რუსეთთან იმ პროდუქციებით, რაც მათ ეროვნულ ინტერესებს და მათ კომპანიებს სჭირდებათ და ჩვენ რა არ ვართ სუვერენული სახელმწიფო? თუ ჩვენ ხალხი არ ვართ? თუ არ გვინდა არსებობა, განვითარება, მშვიდობა და კეთილდღეობა?

გვეუბნებიან, რომ ეს გაერთიანება, ევროკავშირი და ნატო თუ შევა ფიზიკურ, სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან, მივიღებთ მესამე მსოფლიო ომს, ეს კარგად ვიცით და ბირთვული ომის საშიშროება კი არა, პირდაპირი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით. ამის საშიშროება დღეს უკვე დგას. გვეუბნებიან, რომ ამიტომ ჩვენ უნდა ავირიდოთ ომი, გვეუბნებიან ჩვენი ნატო-ელი და ევროპელი მეგობრები. ჩვენთვის ქართველებისთვის, პატარა ქვეყნისთვის აქ რაიმე პროვოკაცია, ომი , დესტაბილიზაცია ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს, ჩემთვის პირადად. იმიტომ, რომ არავინ არ ჩაერთვება ჩვენს ომში, არავინ არავინ აბსოლუტურად, ისევ უნდა დაიხოცოს ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ჩვენი მოქალაქეები დაზიანდნენ, ქვეყანა უნდა გადაიქცეს პოლიგონად. ამას ჩვენ არ დავუშვებთ მიუხედავად ძალიან ბევრი ბინძური პროვოკაციისა და მცდელობისა დესტაბილიზაციის მოწყობის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რასაც ევროკავშირი ოთხ დღეში ვაჭრობს რუსეთთან, საქართველო მთელი წლის განმავლობაში ვაჭრობს.

მისივე თქმით, გასულ წელს თითქმის 300 მილიარდი დოლარი შევიდა რუსეთის ბიუჯეტში ევროკავშირისგან.

“დღეს მოვისმინე ევროკავშრის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება და მინდა, ჩვენს საზოგადოებას ავუხსნა. რასაც ევროკავშირი ოთხ დღეში ვაჭრობს რუსეთთან, ჩვენ, ჩვენი ქვეყანა ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში. რომ არ მოიწონეს ეს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, ევროკავშირი დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და რასაც ევროავშირი ვაჭრობს ოთხ დღეში, ჩვენ ვვაჭრობთ ერთ წელიწადში. შარშან სავაჭრო ბრუნვამ 270 მილიარდი დოლარი შეადგინა, თითქმის 300 მილიარდი დოლარი შეუვიდა რუსეთს შარშან, გაგანია ომის დროს ბიუჯეტში სუფთა შემოსავლების სახით. საიდან? ევროკავშირისგან. ჩვენ, პატარა ქვეყანა, ასეთი გამოწვევებით, 20 პროცენტი არის ოკუპირებული და რუსის ჯარი გვიდგას აქ, ჯერ კიდევ ასეთი პრობლემები გვაქვს, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და მას შემდეგ უამრავ ომი, უბედურება გადავიტანეთ, სამოქალაქო ომები, ომები შიგნით, ხალხმა ვეღარ ამოისუნთქა, ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს სტრატეგიული მოთმინების, გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას.

“2012 წლიდან მოყოლებული ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის საჭირო ეროვნულ ინტერესებს და პოლიტიკას. ეს არის სტრატეგიული მოთმინების, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომლის საბოლოო მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს პოლიტიკა, მეგობრებო, სტრაგეიული მოთმინების, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა მიგვიყვანს ქვეყნის გაერთიანებამდე. ეს არის ჩემი, თქვენი, მე მჯერა, ყვლას მიზანი და ოცნება,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button