გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციას 29 მაისს გამართავს
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციას, 29 მაისს გამართავს.
არსებული ინფორმაციით, პრეზენტაცია ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში 18:00 საათზე გაიმართება.
პრო-სახელისუფლებო მედიაში აქტიურად განიხილავენ ვერსიას, რომ გახარიას პარტიას, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ახლა უკვე ტელეკომპანია “ფორმულას” საკონტროლო პაკეტის მფლობელი დავით კეზერაშვილი აფინანსებს.
პრო-სახელისუფლებო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში წერს:
„როგორი ინფორმირებულია ექსთავდაცვის მინისტრ კეზერაშვილის ტელევიზია გახარიას პარტიის გეგმებზე?! მხოლოდ ის არ იციან თავდაცვის მილიარდი სად გაქრა ომის წინ. ტვ პირველმაც, დღეები დარჩა პრეზენტაციამდეო. კეზერაშვილმა კი პრეზენტაციის თარიღიც იცის, პარტიის სახელწოდებაც, ალბათ ადგილიც… საიდან?“, – წერს ამირან სალუქვაძე.
აღნიშნული ამ დრომდე არ დაუდასტურებია ყოფილ პრემიერ-მინისტრს.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებიდან მალევე პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა.
ამ განცხადების შემდეგ “ქართული ოცნებიდან” რამდენიმე ადამიანი მის გუნდში გადავიდა, მათ შორის არის პარლამენტის 6 დეპუტატი. თანამდებობები დატოვეს რეგიონებშიც ქართული ოცენების ყოფილმა კადრებმა. მათ შორის გადადგა ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია და ვიცე მერი გიგი ფარულავა. ბათუმში კი თანამდებობა დატოვა საკრებულოს „ქართული ოცნების” წევრმა დიმიტრი ჭეიშვილმა.
გახარია პრემიერის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა და ოფიციალურ მიზეზად ნიკა მელიას დაკავების შესახებ “ქართული ოცნების” გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.