მნიშვნელოვანისიახლეები

გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება მესამედ გადაიდო

2024 წლის მაისში “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო ერთ-ერთ აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის განაჩენი 3 თებერვალს, 15:00 საათზე გამოცხადდება. საქმეს მოსამართლე გიორგი გელაშვილი განიხილავს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მხარეებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობა მიეცათ.
“სასამართლომ ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი ოკმელაშვილი უდანაშაულოა. [..]

ვერ გეტყვით მოსამართლემ რამდენჯერ შეიძლება გადადოს, ფაქტია, რომ მას ამ მტკიცებულებებიდან გამომდინარე უჭირს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა”, – განაცხადა ოკმელაშვილის ადვოკატმა.

მოსამართლის თქმით, ისე, რომ არ დაზიანდეს არც ბრალდებულის და არც სახელმწიფოს ინტერესი, სხდომა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადაიდება.

მხარეებმა დღეს რეპლიკების უფლებით ისარგებლეს. როგორც სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა კობა ბარამიამ უთხრა ჟურნალისტებს, მოსამართლემ თავისი ინიციატივით გადადო სხდომა – იმ მოლოდინით, რომ ბრალდების მხარეს, შესაძლოა, შეთავაზება ჰქონდეს დაცვის მხარის მიმართ.

“დაცვის მხარის პოზიცია არის ცალსახა, რომ გიორგი ოკმელაშვილი უდანაშაულოა, ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ეს სასამართლომაც ძალიან კარგად იცის, ამიტომ გამოთქვამს ვარაუდს და იმედს, რომ, შესაძლოა, ჩვენ მიმართ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. ეს ბრალდების მხარის ინიციატივა უნდა იყოს. ჩვენ არანაირი ინიციატივა არ გვჭირდება, რადგან დაცვის მხარის პოზიცია იყო ცალსახა, ეს მტკიცებულებებით არის გამყარებული. სასამართლოს ამ ვითარებაში უჭირს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, რადგან საქმეში დევს მთავარი მოწმის ცრუ ინფორმაცია და ამ ცრუ ინფორმაციაზე არის აგებული ბრალდება. ბუნებრივია, ის დგას მორალური დილემის წინაშე, სამართლებრივს რომ თავი დავანებოთ. ამიტომ მან გამოთქვა ინიციატივა, რომ სხდომა კიდევ ერთხელ გადადებულიყო და ბრალდების მხარეს მოუწოდა, დაცვის მხარესაც, რომ იქნებ ჩვენს შორის შედგეს მოლაპარაკება”, – თქვა ადვოკატმა.

კობა ბარამიას განცხადებით, მოსამართლეს საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა უჭირს, ვინაიდან ის დგება დილემის წინაშე.

“ერთია, რომ პირი გაამტყუნოს, ხოლო მეორე, რომ მან უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და თქვას, რომ პოლიციელმა ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და ის ეწინააღმდეგება ვიდეოჩანაწერს. ეს გვაყენებს იმ ფაქტის წინაშე, რომ ამ პირის მიმართაც [მოწმე ალექსანდრე ოხანაშვილი] უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის დევნა ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე.”

კობა ბარამიას თქმით, ოკმელაშვილს 15 თებერვალს ეწურება აღკვეთის სახით შეფარდებული პატიმრობის მაქსიმალური, 9-თვიანი ვადა, შესაბამისად ადვოკატი მოელის, რომ მის საქმეზე გადაწყვეტილება 3 თებერვალს მაინც გამოცხადდება.

გიორგი ოკმელაშვილი 15 მაისს დააკავეს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელისთვის სახეში იდაყვის ჩარტყმის მიზეზით. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ეს გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელზე თავდასხმას. პროკურატურა ოკმელაშვილს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილსაც ედავებოდა (ნარკოტიკული საშუალებების შენახვა), თუმცა 15 იანვრის სასამართლო სხდომაზე მას ეს ბრალი მოეხსნა, რასაც პროკურორი დაეთანხმა. ამ მუხლით ჩადენილ დანაშაულს პარლამენტის მიღებული ამნისტიის კანონი შეეხო. საქმის არსებითი განხილვა მიმდინარე წლის 16 ივლისს დაიწყო. ადვოკატ კობა ბარამიას თქმით, მოსამართლე გიორგი გელაშვილი ოკმელაშვილის საქმეს განგებ აჭიანურებდა:

“თქვენ აქამდე არასაპატიმრო საქმეები განიხილეთ მაშინ, როცა პატიმრის სისხლის სამართლის საქმის განხილვა პრიორიტეტულია. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ განზრახ აჭიანურებთ პროცესებს”, – თქვა კობა ბარამიამ 12 დეკემბერს გამართულ სხდომაზე.

უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გამოთქვამს ვარაუდს, რომ სასამართლო შეგნებულად აჭიანურებდა 2024 წლის გაზაფხულზე დაკავებულების, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების საქმეების განხილვას. საიას შეფასებით, ეს უკავშირდებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვადის ამოწურვას, რათა მას არ შეეწყალებინა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებულები.

15 იანვარს, გამართულ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ოკმელაშვილისთვის მოითხოვა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალებების შენახვა) წაყენებული ბრალის მოხსნა, რასაც პროკურორი დაეთანხმა.

გიორგი ოკმელაშვილი 2024 15 მაისს რუსული კანონის ერთ-ერთ საპროტესტო აქცაზე დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button