გიორგი ოკმელაშვილს 5 წელი მიუსაჯეს
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება მოჰყვა.
თავად მსჯავრდებულმა საცირკო სიმღერა წაიმღერა, რასაც დარბაზში მყოფებიც აჰყვნენ. მოსამართლემ იქ საზოგადოებას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რადგან მისივე თქმით, დაცვას საქმე სტრასბურგში მიაქვს და მათ ინტერესებში შედიოდა, განმარტება მოესმინათ.
გიორგი გელაშვილის განმარტებით, მოსამართლე საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით მსჯელობს.
„საბჭოთა ცირკი“ – ასე შეაფასა მოსამართლის განმარტება ოკმელაშვილმა.
დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა გიორგი ოკმელაშვილმა.
განაჩენის გამოცხადებამდე, გიორგი ოკმელაშვილმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა და ივანიშვილის სასამართლოზე მისი დაკავების შესახებ ისაუბრა. ოკმელაშვილმა აღნიშნა, რომ მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში:
“შავნიღბიანი „ბანდის“ წარმომადგენლები პოლიციის კორდონს ეყოფოდნენ და დემონსტრანტებზე ძალადობას იწყებდნენ. ნიღბიანების ასეთმა ქმედებამ მაფიქრებინა, რომ ეს ადამიანები პოლიციელები არ იყვნენ, უშვერი სიტყვებით გვლანძღავდნენ. პოლიციელი მგონია, რომ იცავს წესრიგს და სუსტებს, მათ მიმართ ასეთი შეგრძნება არ გამჩენია. ცხოვრებაში პოლიციელის მიმართ არასდროს გამომიჩენია უპატივცემლობა. ეს შავნიღბიანები თავისი ქცევით მაიძულებდნენ ჭიდაობაზე გადავსულიყავი, მორაგბე ვარ და მიჩვეული ვარ, ჭიდაობაში, ჯაჯგურში ჩემი თანამოაზრე დავიცვა. ზოგ შავნიღბოსანს ხელში რკინის ჯოხი ეკავა, რაც კიდევ მაეჭვებდა რომ ისინი რაღაც ხროვის წევრები იყვნენ და არა პოლიციელები. პოლიციელს ჩავარტყი არა მუშტი, როგორც ამას პროკურორი ამბობს, არამედ იდაყვი ჩავარტყი.
მთელი დილა შავნიღბიანები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოდიოდნენ და გვირტყამდნენ. პრეზიდენტმა შეიწყალა ადამიანი, რომელიც დაახლოებით იგივე ქმედებას ჩადიოდა, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, მეც ასე ვმოქმედებდი, ამიტომ ვკარი ხელი“, – განაცხადა ოკმელაშვილმა.
საქმეზე განაჩენი გასულ სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, მოსამართლემ პროცესი გადადო, რადგან მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით მხარეებს შესაძლებლობა მისცა, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ეწარმოებინათ, თუმცა, მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება არ შედგა.
გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
მას ასევე ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, მუხლი სრულად ამნისტირებულია, შესაბამისად, სისხლისამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა.
დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია “ლიმონის” დამფუძნებელია.
2024 წლის 17 მაისს გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
15 იანვარს, გამართულ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ოკმელაშვილისთვის მოითხოვა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალებების შენახვა) წაყენებული ბრალის მოხსნა, რასაც პროკურორი დაეთანხმა.