მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

გიორგი სარდალაშვილი ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალშია

პირველი ბრძოლა და პირველი გამარჯვება – პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 27 ივლისს ძიუდოისტთა ტურნირი დაიწყო. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გადავიდა.

21 წლის ქართველმა სპორტსმენმა ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკს სძლია.

შეხვედრა ხანმოკლე გამოდგა. სარდალაშვილმა ლამაზი ილეთით ვაზარი აიღო და დუელში დაწინაურდა.


არბიტრების გადაწყვეტილებით, ამ მომენტში, ისრაელის სპორტსმენმა აკრძალული მოძრაობა გააკეთა და საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა, რაც ოლიმპიური წესების თანახმად დასაშვები არ არის. გიორგი სარდალაშვილი მეოთხედფინალში თურქ სალიჰ ილდიზს დაუპირისპირდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.

სახეობების მიხედვით ყველაზე მეტი სპორტსმენი საქართველოს დელეგაციას ძიუდოში ჰყავს – 10 სპორტსმენი, მათგან 3 ქალი.

ძიუდოისტთა ნაკრების სპორტსმენების უმრავლესობა ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მედალოსნები არიან. ვაჟთა ნაკრებში 2 ოლიმპიური (ლაშა ბექაური, ტოკიო 2020 და ლაშა შავდათუაშვილი – ლონდონი 2012), 4 – მსოფლიოს და 6 – ევროპის ჩემპიონია.

ძიუდოისტთა ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება. 3 აგვისტოს კი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button