მოზაიკარეგიონისიახლეები

გიორგის შავ-თეთრი გალერეა-გზა ოცნების ასრულებამდე

უჩვეულო შავ- თეთრი გალერეა, ახმეტის შესასვლელშია მოწყობილი. უსახური კედელი ცნობილი ქართველი მწერლების, პოეტებისა და მსახიობების სახასიათო პორტრეტებით, ერთ კვირაში შეივსო.

თითქმის ერთის მეტრის სიმაღლის პორტრეტების ავტორი, 19 წლის ახმეტელი სტუდენტი, თვითნასწავლი მხატვარი, გიორგი ავალიშვილია. რადიო ჰერეთთან საუბარში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ამბობს, რომ კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში, საკუთარი ქალაქისათვის საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა.

” ბავშვობიდან ვხატავ. ახლა ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის პირველ კურსზე ვსწავლობ. პანდემიის გამო, სწავლა ონლაინ- რეჟიმზეა გადასული. გადავწყვიტე, ჩემი ქალაქისათვის რაღაც გამეკეთებინა, ამიტომ ავირჩიე ეს კედელი, რომელიც ჩვეულებრივი ბეტონისაა”- ამბობს გიორგი.

თვითნასწავლმა მხატვარმა, საჯარო სკოლა პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოში დაასრულა და უნივერსიტეტში ას პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხა. ხატვის ტექნიკა, ფერების შერჩევა და სხვადასხვა სახის საღებავებთან მუშაობა, გიორგიმ თვითონ ისწავლა. ახალგაზრდა სტუდენტი ყვება, რომ პორტრეტის ხასიათს იმის მიხედვით ქმნის, როგორც ამა თუ იმ პერსონის შემოქმედებას ხედავს.

” მე თვითნასწავლი ვარ, ტექნიკა არსად მისწავლია. ყველა აქ გამოსახული ადამიანის შემოქმედებას ვიცნობ და როგორც აღვიქვამ, ისე ვხატავ. განსაკუთრებული ემოცია ვაჟა- ფშაველას მიმართ მაქვს, რადგან დედით ფშაველი ვარ. ბახტრიონის გმირული ეპოპეაც ვაჟამ საოცარი ოსტატობით აღწერა. ყველაფერი მაინც საბოლოო ჯამში, ჩემი სამშობლოსა და ქალაქის სიყვარულთან არის კავშირში”- ყვება მხატვარი.

19 წლის სტუდენტის, ყველაზე დიდი მიზანი ხატვას უკავშირდება. გიორგი საკუთარი ნამუშევრების საფრანგეთის დედაქალაქში გამოფენაზე ოცნებობს.

” პარიზი კულტურისა და ხელოვნების უმთავრესი ადგილი მგონია. ამიტომ, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მიზანი, ამ უშვენიერეს ქალაქში გამოფენის მოწყობაა. თუ ეს შევძელი, ყველა ოცნებას ახდენილად ჩავთვლი”- ამბობს გიორგი.

პარიზამდე რომ დიდი გზაა, თვითნასწავლმა მხატვარმა კარგად იცის. ამიტომ ჯერეჯერობით, ხატვის ტექნიკის კიდევ უფრო დახვეწასა და ხელოვნების საიდუმლოებების უკეთესად შეცნობას გეგმავს.

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button