გირაოს გადაუხდელობის გამო ნიკა მელია დააპატიმრეს
12 ივნისს დაიწყება. პროცესი 12:00 საათზე ჩაინიშნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
როგორც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განმარტა, ამ საქმეზე შეფარდებული 50 000 ლარის ოდენობით გირაოს არ გადახდა ნიკა მელიას მხრიდან მოხდა მიზანმიმართულად.
თვითონ ნიკა მელია გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რადგანაც გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, ამის შემდგომ კი ის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატების განმარტებით, ნიკა მელია 29 მაისს, 21:00 საათზე დააკავეს, ხოლო გირაოს გადახდის ვადა, 29 მაისის, ღამის 12 საათზე იწურებოდა. შესაბამისად, მათივე თქმით, შესაძლოა, მელიას გირაო ბოლო საათებშიც გადაეხადა.
„არავინ უშლის ადამიანს გადაწყვეტილება შეცვალოს“, – აღნიშნა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.
ბრალდების მხარის განცხადებით კი, ნიკა მელიამ უგულებელყო კანონიერი მოთხოვნა, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია, რომ „ის აპირებდა გირაოს გადახდას“, უსაფუძვლოა.
ამის შემდგომ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ შემდეგი შეკითხვა დაუსვა ადვოკატებს: „გირაოს არგადახდა მოხდა იმის გამო, რომ ის დააკავეს, თუ არ ჰქონდა გადახდის სურვილი?“
საპასუხოდ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ მელიას გირაოს გადახდის შესაძლებლობა უკანონოდ შეეზღუდა.
„მას სახელმწიფომ გირაოს გადახდის შესაძლებლობა უკანონოდ მოუსპო, იმიტომ, რომ ის უკანონოდ დააკავეს. ვინ უშლიდა ნიკა მელიას, რომ 23:30 საათზე გადაეხადა თანხა?“ – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
„ბატონმა [გიორგი]ვაშაძემაც ბოლო წამს გადაიხადა“, – აღნიშნა რეპლიკის სახით ნიკა მელიამ, იქამდე ვიდრე მას სასამართლოდან გააძევებდნენ.
რა სისულელე კითხვებია?! არა, თავს დამნაშავედ არ ვცნობ, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ვიკავებ თავს, მაგრამ შეიძლება მაინც გითხრათ, ცოტა ხანში, – ასე უპასუხა ‘კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის კითხვას, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ.
აღნიშნულის შესახებ მელიამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიაზე მიუსვლელობის გამო ბრალდებულია და პროცესი მიმდინარეობს.
გარდა მოსამართლისა, ნიკა მელიამ „სისულელე“ უწოდა ბრალდების მხარის კითხვებსაც.
“დაახლოებით, საღამოს 9 საათზე, ორი მანქანით გადავადგილდებოდი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. 9 საათზე იყო სოციალურ პლატფორმაზე გადაცემა სახელწოდებით „ორ ცეცხლ შუა“. ამ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მივდიოდი. სულ რაღაც 2 კილომეტრი იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც მოხდა ჩემი გატაცება და არანაირი დაკავება.
მოულოდნელად ე.წ. საპატრულო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გააჩერა. პატრულის ფორმაში გამოწყობილმა ძალიან ნერვულ მდგომარეობაში მყოფმა პირმა მძღოლს მართვის მოწმობა სთხოვა. მისი გამომეტყველებითაც ცხადი იყო, რომ ყველაფერი აინტერესებდა გარდა მართვის მოწმობისა. ამ პროცესში, როდესაც ჯერ კიდევ მართვის მოწმობა მძღოლს გადაცემულიც კი არ ჰქონდა, მის ე.წ. რაციაში კითხვა გაისმა, რაც გავიგეთ მეც და მძღოლმაც. ვიღაცამ, ეტყობა მისმა ხელმძღვანელმა ჰკითხა „ობიექტი“ თუ იჯდა მანქანაში. გასაგები იყო უკვე რა ხდებოდა. გადავთვალე, მძღოლის ჩათვლით, 11 ადამიანი იყო სამარშრუტო ფურგონში, ვინც გამიტაცა, სადაც ძალის გამოყენებით მომათავსეს, რბილად რომ ვთქვა. არანაირი ნიშან-წყალი, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები ან ქმედებაში, ან გამომეტყველებაში, ან საუბრის მანერაში არ იყო. როდესაც პირს აკავებ, უნდა განუმარტო ან სთხოვო მანქანიდან გადმოვიდეს. გატაცება მოხდა ძალიან აგრესიული ძალის გამოყენებით, მანქანაში ჩატენა. ამის შემდეგ ძალის გამოყენებით მოხდა მობილური ტელეფონის წართმევა. მერე, [იყო] ერთ-ერთის დაუოკებელი სურვილი, რომ რაღაცნაირად იქნებ, გაეხსნა კოდი ჩემს ტელეფონზე. რამდენჯერმე მცდელობა ჰქონდა, რომ სახეზე მოეშვირა ჩემი საკუთარი მობილური ტელეფონი და როგორც ჩანს, ბნელ სამარშრუტო ფურგონში ეს ვერ მოხერხდა.
მინდა იცოდეთ, რომ ეს იყო რაღაცნაირი სამარშრუტო ფურგონი, რომელიც საგანგებოდ იყო ფარდებით შემკობილი. არაფერი არ ჩანდა შიგნიდან გარეთ. არავინ არ ვიცით რატომ მოხდა ეს. ალბათ, თქვენ იცით, მურუსიძემ და კიდევ ვინც დაგეგმა. თქვენ იმიტომ ვამბობ, რომ გუშინ თავი მოიკალით და დღეს ჩანიშნეთ სხდომა. ადვოკატის თხოვნაზე, რომ იქნებ ორშაბათს ჩანიშნულიყო სხდომა, ვინაიდან სხვა სასამართლო პროცესები ჰქონდა და პლუს, რამდენიმე ლექცია, თავი მოიკალით და დღეს ჩანიშნეთ სასამართლო სხდომა. ფორმალურად, კი ბატონო, გუშინ ღამის 12 საათამდე იყო გადახდის ვადა. 9 საათზე გაიტაცეს ის ადამიანი, რომელიც ახლა თქვენ გელაპარაკებათ და კითხვა არ გიჩნდებათ, რა მოხდა. უნდა დამისვათ ახლა კითხვა რატომ, რისთვის არ ვიხდი მე იმ უსამართლო გირაოს. ის გაინტერესებთ, რაზეც პასუხი გაქვთ და ის არ გაინტერესებთ, აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა.
ორივე ავტომობილში, ერთში, რომელშიც მე ვიყავი და მეორე თანმხლებ ავტომობილში იყო 2-2 ვიდეო ჩამწერი დამონტაჟებული. საბოლოოდ, 4 ვიდეო ჩამწერი. 4-ივე არის გატაცებული, დაზიანებული, გატეხილი. იმიტომ, რომ არ გენახათ თქვენ. ისიც არ იმოქმედებდა თქვენზე დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც. რა ვიცი, ვიღაცაზე ხომ იმოქმედებდა, თქვენს თანაშემწეზე შეიძლება, გვერდით რომ გიზით. ეს არის რეალობა, რაც მოხდა. თქვენ ახლა უნდა იმსჯელოთ, უნდა დაადგინოთ, ვინ არის მტყუან-მართალი? იმაში, რაც ახლა ვთქვი, ეჭვი გეპარებათ? თქვენ რა სიმართლე უნდა დაადგინოთ. ნუ გწყინთ, რომ ვერც მოსამართლეს გიწოდებთ თქვენ და ვერც ბატონოს დაგიძახებთ.
ამ ე.წ. მარშუტკაში მოთავსების შემდეგ, მობილური ტელეფონი არ გამოურთია იქ მყოფ რამდენიმე ადამიანს. სხვადასხვა პირი კი, სხვადასხვა მოკლე ვიდეოს იღებდა და სიამაყით უგზავნიდნენ თავიანთ ხელმძღვანელებს“,- განაცხადა ნიკა მელიამ.
ამასთან, კოალიციის ლიდერმა მიმართა პროკურორსაც და აღნიშნა, რომ „არ გაინტერესებთ აქ როგორ აღმოვჩნდი“. „არ გინდათ ეს კოპების შეკვრა, არ გაინტერესებთ აქ როგორ აღმოვჩნდი. თქვენ თვითონ გჯერათ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო გამიტაცეს და ვიღაცას შეურაცხყოფა მივაყენე, გჯერათ?“,- განაცხადა ნიკა მელიამ.
მელია მესამე პოლიტიკოსია, ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურა გირჩი ჯაფარიძის შემდეგ, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა იმ საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. ამ კომისიის მიზანი წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების შესწავლაა – ნიკა მელია, ისევე როგორც ზურა ჯაფარიძე, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2012 წლის შემდეგ შეუერთდნენ, როცა პარტია უკვე ოპოზიციაში იყო. 2012 წლამდე მათ პოლიტიკური თანამდებობები არ ჰქონიათ.
აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას აღნიშნულ საქმეზე 50 000 ლარის ოდენობით გირაო აქვს შეფარდებული. პროკურატურა გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. დაცვის მხარის განცხადებით, ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა 29 მაისს ეწურებოდა, თუმცა გადახდამდე ის დააკავეს. ადვოკატების განმარტებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობის თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიიყვანეს, რომელიც 29 მაისის საღამოს სამართალდამცველებმა საერთოდ სხვა საქმესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს, კერძოდ კი, უწყების განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფის ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების საფუძველზე.
ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს.
ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.