მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

“გირჩი-მეტი თავისუფლება” გადახდილი კოვიდ-ჯარიმების მოქალაქეებისთვის დაბრუნებას ითხოვს

კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმის სახით გადახდილი თანხების მოქალაქეებითვის უკან დაუბრუნებას ითხოვს გირჩი – მეტი თავისუფლება. პარტია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

“პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, იმ პირებს, რომლებსაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა, ამნისტია შეეხება.
თუმცა, თანხა უკან არ დაუბრუნდებათ მათ, ვინც ჯარიმა უკვე გადაიხადა, რაც ცალსახად უსამართლოა, რადგან მოქალაქეების დიფერენცირებას ახდენს სრულიად გაუგებარი კრიტერიუმით – სახდელს პატიობს მათ, ვისაც ის ჯერ არ გადაუხდია (არ აპირებდა ან ვერ მოასწრო) და არ პატიობს მათ ვინც მათივე რეგულაციის მოთხოვნა პირნათლად შეასრულა და დაკისრებული ჯარიმები გადაიხადა.

მოვითხოვთ, ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს დაუბრუნდეს პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო გადახდილი ადმინისტრაციული სახდელის სრული ოდენობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს ამნისტია შეეხებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ინიციატივა 245 000 მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს ეხება და ის ათავისუფლებს ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მათ, ვინც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები სხვადასხვა დროს დაარღვიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button