გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერს და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალდება წარედგინა

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000- ლარიანი გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ ცოტა ხნის წინ მიიღო. თანხის დაფარვის ვადად ერთი თვე განისაზღვრა.
ჯაფარიძის თქმით, ის ერთი თეთრის გადახდას არ აპირებს.
“თქვეს, რომ მე არ ვარ კანონმორჩილი მოქალაქე, არ ვაღიარებ პარლამენტს და არ ვაღიარებ მთავრობას, ამიტომ, არსებობს საფრთხე, რომ მივიმალო ან ჩავიდინო რაღაც სხვა დანაშაული, რაზეც ავუხსენი, რომ მიმალვა რომ მნდომოდა, სტრასბურგში ვიყავი, როდესაც შეტყობინება მომივიდა დაბარებაზე და ჩამოვედი. ეს ერთი და მერე მეორე, რა დანაშაული უნდა ჩავიდინო კიდევ, ეს სრულიად გაუგებარია. არც ნასამართლობა მაქვს და თუ იმაზეა საუბარი, რაღაც კომისია რომ არის, მანდ დამიბარებენ, მაგაზე ვუთხარი, 20-ჯერ რომ დამიბარონ, არც ერთხელ არ ვაპირებ მისვლას – მეთქი.
სინამდვილეში, არ არსებობდა არანაირი ფორმალური საფუძველი იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიებად რამე გამოეყენებინათ იმიტომ, რომ არსად გაქცევას მე არ ვაპირებ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ პროცესის დასრულების შემდეგ.
“არსებობდა ორი საფრთხე – ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები. ბუნებრივია, ამ საფრთხეებთან მიმართებით როდესაც ვსაუბრობთ, აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მისი სათანადო ქცევა როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლოში არსებითი განხილვების ეტაპზე.
მიგვაჩნია, რომ 20 ათასი ლარის ოდენობის გირაო უზრუნველყოფს მის სათანადო ქცევას”, – განაცხადა პროკურორმა ნათია თათიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, ნიკა გვარამიას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს.
პროკურატურის შენობა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
“ბრალი წარმიდგინეს, არაფერი ამაში გასაკვირი არ არის, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა – კომისიამაც და პროკურატურამაც ძალიან ღრმად შეტოპა და აგიხსნით, რატომ – როგორც კი შემდეგი პროკურატურა (ეს ხელისუფლება რომ შეიცვლება, პროკურატურაც შეიცვლება, ცხადია) იტყვის, რომ გვარამია იყო მართალი, ეს კომისია იყო არაუფლებამოსილი და პარლამენტიც იყო არაუფლებამოსილი, ეს არის იურიდიული ფაქტის დადგენა და საკონსტიტუციო სასამართლომ რაც არ უნდა თქვას მერე, გამოვა, რომ დადგენილი იქნება ამ პარლამენტის არალეგიტიმურობა.
რაკიღა საკონსტიტუციო სასამართლო გავიხსენე, არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს რევაზ ნადარაია, რომელიც იყო უდაბლესი კლასის პირველი ინსტანციის მოსამართლე, წარმოუდგენლად გაუნათლებელი. მერე რაღაცნაირად მოხვდა უზენაეს სასამართლოში, გასაგებია როგორც და ახლა არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. რატომ ღმერთი არ გაიცინებს და რატომ საქართველოს კონსტიტუცია თავს არ დაიწვავს თავად”, – განუცხადა განუცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.
გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, დიდი ალბათობით, ხვალ იმსჯელებს.
ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე გვარამია არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების შეკითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გუშინ უპასუხა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.