კრიმინალირეგიონი

“გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრს ნიღბიანი პირები დაესხნენ

დედოფლისწყაროში “გირჩი — მეტი თავისუფლების” წევრს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს.

გოგიტა რობიტაშვილს, მისთვის უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შემთხვევა დაშავებულის ავტოფარეხთან, პარტიის ყრილობიდან დაბრუნების შემდეგ მოხდა.

რობიტაშვილის განმარტებით, ის საკუთარ ავტომობილს ავტოფარეხში აჩერებდა, როცა სამი ნიღბიანი პირი მიუახლოვდა.

შავ ტანსაცმელსა და ქუდებში ჩაცმულმა უცნობებმა, მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შედეგად, რობიტაშვილს მძიმე დაზიანებები თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში აქვს მიყენებული, სახეზე აღენიშნება სისხლჩაქცევებიც.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო სამსახური იყო გამოძახებული, რომლებმაც დაშავებულს პირველი დახმარება აღმოუჩინეს.

თავად რობიტაშვილი მომხდარს მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს, თუმცა თავდამსხმელების ვინაობას ვერ ასახელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის, პირველი ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button