მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 626-ე დღე-რუსეთმა კიევს 52 დღიანი პაუზის შემდეგ „ისკანდერის“ ტიპის რაკეტა გაუშვა

უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 626-ე დღეს, შეტაკებები გრძელდება ბახმუტის, ლიმანის, ზაპოროჟიეს და ოდესის მიმართულებით. ქვეყნის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გასულ ღამეს ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ოდესის ოლქში სამი ადამიანი დაიღუპა. ნადგურდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინა გრძელვადიანი ომისთვის უნდა მოემზადოს, იენ სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საჭიროა მხარდაჭერის გაგრძელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა პუტინმა ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწიოს. უკრაინის პრეზიდენტმა პარიზში გამართულ მშვიდობის ფორუმს მიმართა და აღნიშნა, რომ მსოფლიო გზაგასაყარზეა. ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს საკუთარი მშვიდობის ფორმულის მიმართ კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს.

ამასთანავე ქვეყანა შეიარაღების ახალ პაკეტას ელოდება. აშშ-ს სენატი კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღებისა და ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას გეგმავს.

რუსეთმა დილით 11 ნოემბერს 8 საათზე კიევის მიმართულებით „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი პოპკომ განაცხადა.

„52-დღიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მტერმა კიევზე სარაკეტო თავდასხმები განაახლა! რაკეტამ კიევამდე ვერ მიაღწია, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ის დედაქალაქის მისადგომებთან გაანადგურეს“, – ნათქვამია პოპკოს განცხადებაში.

ამასთან, კიევის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის მიერ გაშვებული ორი რაკეტა მინდორში ჩამოვარდა. აფეთქების ტალღამ ხუთი კერძო სახლი დააზიანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ 11 ნოემბრის დილით, კიევის მახლობლად საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა, ამიტომ ქალაქში აფეთქებები ისმოდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button