,,გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე,,- ოცნება PACE-ის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს

მორიგი სამარცხვინო შეტევა საქართველოზე , – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის გვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციას, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, განცხადება მორიგი სამარცხვინო შეტევაა საქართველოს წინააღმდეგ, თავად ერიკ კროსი კი 2008 წლის ომის წინა პერიოდში სააკაშვილის მრჩეველი იყო.
“მორიგი სამარცხვინო შეტევა საქართველოზე. განცხადების ავტორი ესტონელი პარლამენტარი ერიკ კროსია, აგვისტოს ომის წინა პერიოდში სააკაშვილის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში”, – წერს გია ვოლსკი.
როგორც ჩანს ქართული ოცნება არჩევნების მიტაცებას გეგმავს-PACE
გინდა 24 დეპუტატი იყოს და გინდა 240, როცა ტყუილებით არის სავსე ასეთი დოკუმენტები, მათ ვერ ექნებათ, ბუნებრივია, ვერავითარი ფასი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მომზადებულ დოკუმენტს ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე.
„ერთი, რომ 24-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს. 24-იც რომ არ ყოფილიყო და რომ ყოფილიყო 240 ან 600-ზე მეტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრია, თუნდაც რომ ყოფილიყო 600, რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებით, სიცრუით. მხოლოდ სამი კვირაა დარჩენილი, ოდნავ მეტი არჩევნებამდე, უპრეცენდენტოდ მშვიდ, ჯანსაღ გარემოში.
საარჩევნო პროცესებზე გელაპარაკებით, სად იყო ან დაშინება, ან მოსყიდვა, ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არ ყოფილა და ამიტომ არის სიცრუით სავსე ეს განცხადება. გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე.
რომელიმე დასკვნაში სად არის ერთი ფაქტი, ამიტომ გეუბნებით, რომ გინდა 24 დეპუტატი იყოს და გინდა 240, როცა ტყუილებით არის სავსე ასეთი დოკუმენტები, მათ ვერ ექნებათ, ბუნებრივია, ვერავითარი ფასი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ერიკ კროსმა და მისმა ორგანიზებულმა ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომელიც არ ასახავს ქვეყანაში მიმდინარე რეალურ პროცესებს და ემსახურება ჩვენი პარტნიორების შეცდომაში შეყვანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ხატია წილოსანმა განაცხადა.
საუბარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მომზადებულ დოკუმენტზე, სახელწოდებით „არჩევნები საქართველოში – საგანგაშო მოვლენები“, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს. დოკუმენტში ნათქვამია: „საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის“.
ხატია წილოსანის თქმით, დოკუმენტის ხელმომწერები ძირითადად „ალდეს“ ჯგუფის სახელით წარმოდგენილი დეპუტატები არიან, ეს ჯგუფი კი დაკავშირებულია „სტრატეგია აღმაშენებელთან“.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოლეგებს ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, თუმცა მიუხედავად ამისა, ერიკ კროსმა და მისმა ორგანიზებულმა ჯგუფმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელიც არ ასახავს ქვეყანაში მიმდინარე რეალურ პროცესებს და ემსახურება ჩვენი პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. მნიშვნელოვანია, რომ 612 დეპუტატიდან მხოლოდ 24 ადამიანი შეუერთდა მის ამ განცხადებას, ძირითადად „ალდეს“ ჯგუფის სახელით წარმოდგენილი დეპუტატები. ეს ჯგუფი არის დაკავშირებული „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და საზოგადოებისთვის ალბათ აღარ ტოვებს კითხვებს, რომ დელეგაცია, რომელიც ავრცელებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს, მიუკერძოებლობის კუთხით გარკვეულ კითხვებს ტოვებს. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ჰქონდეს უტყუარ ფაქტებზე ინფორმაცია საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მათი ინფორმაცია არ იქნება გაზიარებული სადამკვირვებლო მისიის მიერ“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.
ერიკ კროსის მომზადებულ განცხადებაში გაკრიტიკებულია საქართველო და აღნიშნულია, რომ ცესკო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის. აღნიშნულ განცხადებას, ასამბლეის 612 წევრიდან მხოლოდ 24-მა მოაწერა ხელი.