,,გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის,,-ოცნებამ ტრამპზე თავდასხმა დაგმო

გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე თავდასხმას.
კობახიძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს ჯანმრთელობას და სოლიდარობას უცხადებს.
„გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს“, – წერს კობახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
კობახიძემდე “გლობალური ომის პარტია” ტრამპთან კონტექსტში ახსენა დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ.
გამაოგნებელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშო – დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო ურმავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძის თქმით, „პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება – გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა”.
„პრეზიდენტ ტრამპს გამოჯანმრთელებას და საარჩევნო ბრძოლაში სწრაფად დაბრუნებას ვუსურვებთ, ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს კი მშვიდობას, დემოკრატიის და სამართლიანობის გამარჯვებას!
პ. ს. საქართველოში კი აგენტურული პარტიების პოზიციაა, გლობალური ომის პარტია არ არსებობს, ქართულმა ოცნებამ მოიგონაო”, – წერს ის.
ღრმად შეშფოთებული ვარ ძალადობით, რომელმაც კინაღამ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიცოცხლე იმსხვერპლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი პრეზიდენტ ტრამპს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
“პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ ეს საშინელი შემთხვევა შემობრუნების წერტილი იქნება, რომ ყველა წესიერმა ადამიანმა დაგმოს რადიკალური და ექსტრემისტული ძალადობა.
პრეზიდენტ ტრამპს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და სოლიდარობას გამოვთქვამ მისი ოჯახის მიმართ.
ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვართ!”, – წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.