გმირად შერაცხილი ლაზარე და გაწუწული მედროშე ქალი სცენას დღეს შეემატა კირთაძის პერფორმანსი -ოცნება დღევანდელ დღეს აფასებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საღებავი შეასხა არა მხოლოდ ცესკო-ს თავმჯდომარეს, არამედ, სულ მცირე, მილიონ ორასი ათას ამომრჩეველს
კადრულობენ იმას, რაც მათ სახეს კიდევ უფრო მეტად ნათლად წარმოაჩენს. ყოველგვარი უღირსი ქმედებებით ცდილობენ უგულებელყონ ხალხის არჩევანი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს , რითაც დღეს ცესკოში და მის გარეთ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
მისივე თქმით, ყველა უკანონობას კანონი გასცემს პასუხს და ქვეყანა და საზოგადოებაც დაცული იქნება.
„კადრულობენ იმას, რაც მათ სახეს კიდევ უფრო მეტად ნათლად წარმოაჩენს. ყოველგვარი უღირსი ქმედებებით ცდილობენ უგულებელყონ ხალხის არჩევანი. დესტრუქციული ოპოზიცია და მათი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, ხალხის ნდობის გარეშე, ძალადობით და სამარცხვინო საქციელით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას.
საზოგადოების უმრავლესობამ მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას დაუჭირა მხარი, რასაც ცალ ფეხზე მდგომმა კრიმინალებმა ბრძოლა გამოუცხადეს. მშვიდობისა და სიმშვიდის დავალება ხალხისაგან ხელისუფლებამ უკვე მიიღო. ახლა ამას ქმედითი ნაბიჯები სჭირდება და ეს ასეც იქნება. უკანონობას კანონი გასცემს პასუხს და ქვეყანაც და საზოგადოებაც იქნება დაცული!” – წერს დიმიტრი ხუნდაძე
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ ცესკოს თავმჯდომარისთვის თვალებში საღებავის შესხმა სადისტური აქტი და დანაშაულია.
“ამ ბოროტმოქმედების საქციელი დიდი ხანია, რაც გასცდა გამოხატვის თავისუფლებას ან აქტივიზმის რაიმე ფორმას. ცესკოს თავმჯდომარისთვის თვალებში საღებავის შესხმა – ეს არის სადისტური აქტი და დანაშაული. ამ არჩევნებმა ქართველი ხალხის მხრიდან წერტილი დაუსვა მათ რაიმე ამბიციას და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დასრულდეს, ასევე სამართლებრივი ფორმითაც და ჩვენ ბევრი გვექნება საფიქრალი იმაზე, როგორ შეიძლება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ბოროტების მანქანა აღიგავოს ამ პოლიტიკური ველიდან”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
გმირად შერაცხილი ლაზარე, გაწუწული მედროშე ქალი, გამჭვირვალობით გაღიზიანებული ელისაშვილი, ზედხედიდან ლამაზი კადრის გადასაღებად დავარცხნილი პროტესტები და მრავალ სხვა საერთაშორისო მედიისთვის “კარგად მისაყიდ” სცენას დღეს შეემატა კირთაძის პერფორმანსი, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, დავით კირთაძის მიერ შავი სითხის შესხმას.
მისივე თქმით, პერფორმანსი, თუ სისხლის სამართლის დანაშაული, ამას შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი იტყვის, თუმცა საქართველოსთვის შავი ლაქის სტატუსი კი ნამდვილად გაიფორმეს, ოპოზიციის სახელით მოქმედმა ჯგუფებმა.
„სამართლის შერჩევითად გამოყენებას რომ გაძალებენ, პოლიტიკურ საფარველში ჩაბუდებულ კრიმინალებს ციხიდან გათავისუფლებინებენ, მართლაც ავტოკრატიული და რეპრესიული რეჟიმის შემქმნელებს გმირებად გვისაღებენ რუსთაველზე წამოსკუპებული, ევროპის სახელით მოლაპარაკე, თავის დროზე კარგად ნასიამოვნები “ძველი მეგობრები”, დემოკრატიის უკუსვლად რომ გვიფორმებენ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, არჩევნების მოპარვის თუ გაყალბების (ამაზე ჯერ კარგად მაინც ვერ ჩამოყალიბდნენ) მტკიცებულებების ამაო ძიებით სასოწარკვეთილი ჯგუფების საქციელზე პასუხისმგებლობა, წამქეზებლებსაც ისევე ეკისრებათ, როგორც შემსრულებლებს!
გმირად შერაცხილი ლაზარე, გაწუწული მედროშე ქალი, გამჭვირვალობით გაღიზიანებული ელისაშვილი, ზედხედიდან ლამაზი კადრის გადასაღებად დავარცხნილი პროტესტები და მრავალ სხვა საერთაშორისო მედიისთვის “კარგად მისაყიდ” სცენას დღეს შეემატა კირთაძის პერფორმანსი. პერფორმანსი, თუ სისხლის სამართლის დანაშაული, ამას შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი იტყვის, თუმცა საქართველოსთვის შავი ლაქის სტატუსი კი ნამდვილად გაიფორმეს, ოპოზიციის სახელით მოქმედმა ჯგუფებმა.
იქნებ საქართველოს დემოკრატიული ზრდის დამკვირვებლებიდან ვინმე ოდნავ მაინც შეშფოთდეს ან შეიშმუშნოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გამართული ფუნქციონირების აშკარა და დაუფარავი ხელის შეშლის გამო?“ – წერს მაკა ბოჭორიშვილი.
ცესკო-ში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა საღებავი შეასხა არა მხოლოდ ცესკო-ს თავმჯდომარეს, არამედ მილიონ ორასი ათას ამომრჩეველს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დავით კირთაძემ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონისა და ხალხის წინაშე.
„ჩვენ მორიგ ჯერზე ვიხილეთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება. ვნახეთ, რომ ცესკო-ში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა საღებავი პირდაპირ შეასხა კომისიის თავმჯდომარეს და, რეალურად, არა მხოლოდ კომისიის თავმჯდომარეს, სულ მცირე, მილიონ ორასი ათას ამომრჩეველს. ეს ადამიანი აუცილებლად აგებს პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით, არა მხოლოდ კანონის, არამედ ქართველი ხალხის წინაშეც. ამას ჩვენ, ყველა ერთად ვნახავთ. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ იქნება არავის საჯიჯგნი ქვეყანა. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უმრავლესობის გადაწყვეტილება უნდა იქცეს პატივცემული. სხვა შემთხვევაში, ჩვენ, როგორც სახელმწიფო ვერ შევდგებით. სახელმწიფო დღეს შემდგარია და ამას ნახავს ბატონი, რომელმაც იკადრა და მილიონ ორასი ათას ადამიანს კალანდარიშვილის სახით საღებავი შეასხა. არავის არაფერს გაუტარებს სახელმწიფო და არც ჩვენ, რომლებიც ვართ, სულ მცირე, მილიონ ორასი ათასი ამომრჩევლის მიერ არჩეულები, მათ ლეგიტიმაციას ვატარებთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგებს აჯამებდნენ, ხმაური იყო. ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს “შავი ლაქა” უწოდა და შავი საღებავი შეასხა.
უფრო კონკრეტულად, დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით კირთაძის განცხადებას, სადაც მან კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს.