გმირთა მოედანთან მოძრაობა გადაიკეტა-„კოალიციამ ცვლილებებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ გმირთა მოედანთან ორი კარავი გაშალეს

გმირთა მოედანზე, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ, მოძრაობა გადაიკეტა.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გმირთა მოედნის ის გზა, რომელიც თამარ მეფის ხიდიდან კოსტავას მიმართულებით ადიოდა.
ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.
აქცია 15:00 საათზე დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
აქციის მონაწილეებმა ესტაკადის ქვეშ, ორ ადგილას კარვები გაშალეს.
გმირთა მოედანთან „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორი კარავი გაშალეს.
პოლიტიკოსების თქმით, მოძრაობას 22:00 საათამდე გადაკეტავენ და ამ პერიოდის განმავლობაში ისინი მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმასაც გააცნობენ.
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, ასეთი საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ ქართული ოცნება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს.
“საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში ყოველდღიურად იქნება ასეთი წინააღმდეგობრივი ღონისძიება, სანამ არალეგიტიმური ხელისუფლება არ გახდება იძულებული ჩანიშნოს ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები. თავისი ფორმით, შინაარსით, სიყალბით ეს ე.წ. პარლამენტი, მსოფლიოს მასშტაბით, მართლაც უნიკალურია – მას არ აქვს აღიარება”, – განაცხადა მელიამ.
მანამდე საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ შენობასთან მიმდინარეობდა.
ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალებიც.
აქციის მონაწილეები „გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ“, ამასთან მათ სოლიდარობა გამოუცხადეს სტუდენტებს, რომელთა ნაწილიც თსუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში მე-4 დღეა, ღამეს ათენებენ. ისინი უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.
შეგახსენებთ 25 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომაა დანიშნული. მას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ამავე პარტიების – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ – ორგანიზებით გამართული აქცია პოლიციამ დაშალა. დააკავეს 16 ადამიანი.