GNCC-ისა და ჰერეთის დავა სააპელაციო სასამართლოში გაიმართება
კახი ბექაურის უწყების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) სარჩელი სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოში 27 ნოემბერს გაგრძელდება.
საქმე ეხება კომისიის მიერ ჩაშლილ კონკურსს ქ.ბათუმში, კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად, სადაც ორი კომპანია, ჰერეთი და “პალიტრა” მონაწილეობდა.
კომისის თავმჯდომარემ კახი ბექაურმა, გასული წლის აგვისტოს თვეში, ლიცენზიის მოსაპოვებელი კონკურსი, რომელიც მანამდე კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა, იმ მოტივით ჩაშალა, რომ თითქოს კომისიამ არათაბარ პირობებში ჩააყენა ორი წარმატებული მაუწყებელი.
ბექაურმა განაცხადა, რომ აღნიშნული კონკურსის ამ სახით გამოცხადება მისი პირადი შეცდომა იყო, რადგან ორი წარმატებული მაუწყებელი არათანაბარ პირობებში ჩააყენა.
მან განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა რეგიონული კონტენტისთვის ცალკე კონკურსი გამოცხადებულიყო და ცენტრიდან გავრცობილი სიგნალისთვის, – ცალკე.
ახალი კონკურსი კომისიამ იმავე სხდომაზე გამოაცხადა, თუმცა ჩაშლილ კონკურსზე კონკურსანტებს ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები არ ჩაეთვალათ.
გარდა ამისა, კონკურსანტებს ხელახლა უნდა წარედგინათ ახალი დოკუმენტაცია. პალიტრამ ახალ კონკურსზე დოკუმენტაცია ხელახლა წარადგინა, ჰერეთმა კი ჩაშლილი კონკურსი გაასაჩივრა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას” (GNCC) ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა.
სასამართლო არ დაეთანხმა “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საპასუხო სარჩელს და არც მესამე პირად ჩართული რადიო “პალიტრის”სასარჩელო განცხადებას.
“სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კომუნიაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, კომისიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი გამოკლვლევისა და შეფასების შემდეგ, კანმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.”
“სასამართლო დისკრეციულად კომისიას ვერ დაავალებდა ლიცენზია ჰერეთზე გაეციო, ფაქტობრივად ეს არის ნათქვამი იმ განჩინებაში, რაც ჩვენ მივიღეთ.სავარაუდოდ იგივეს იტყვის სააპელაციო სასამართლო და კომისიას მოუწევს კონკურსის უკანონოდ ჩაშლის აღიარება და რადიო ბათუმით მალე შევალთ აჭარში” – ამბობს რამაზ სამხარაძე, სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებელი.
სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი 20 წელია მედიაბაზარზე. 1998 წლიდან არის ეთერში და ფლობს 3 რადიოს: ჰერეთს 102.8, თბილისს FM93.5 და ინტერნეტ რადიოს – RelaxWebRadio – ს.
ჰერეთი რადიო “ბათუმის” გაშვებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
წინა ხელისუფლების პირობებში, ჰერეთმა “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას”, ასევე სასამართლო გზით, მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა მოუგო. მაშინ კომპანია კომისიას თბილისში ლიცენზიის არაკანონიერად გაცემას ედავებოდა.
ჰერეთის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.