გოდერძი ბარბაქაძემ ბოდიში მოიხადა [Audio]

“ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმ ხმაურიანი საკრებულოს სხდომისთვის რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართა”, – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ საზოგადოებას და დეპუტატებს ბოდიში მის მიერვე 2 ოქტომბერს გაკეთებული არაადექვატური განცხადებების გამო მოუხადა.

ბოდიშის მიუხედავად გოდერძი ბარბაქაძე თვლის, რომ “პროცესი ხელოვნურად იყო აჟიტირებული და არც თუ ისე ხმაურიანმა სხდომამ ბევრი მითქმა- მოთქმა და გაუგებრობა გამოიწვია”.

ბარბაქაძეს ბოდიში არ მოუხდია რადიო “ჰერეთისთვის” და ჟურნალისტ სოფო სარალიძისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბრის სხდომის მიმდინარეობისას გოდერძი ბარბაქაძემ “ჰერეთის” ჟურნალისტს რამდენჯერმე უყვირა და კატეგორიული ტონით მოსთხოვა დადებითი რეპორტაჟები მოემზადებინა, სადაც საუბარი იქნებოდა თვითმმართველობის მიერ შესრულებულ საქმიანობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო 2 ოქტომბერს “ჰერეთის” ჟურნალისტის საქმიანობაში რამდენჯერმე უხეშად ჩაერია.

საკრებულოს თავმჯდომარე არაადექვატური იყო დეპუტატების მიმართაც. ბარბაქაძემ სხდომის დაწყებამდე დეპუტატებს უთხრა, რომ თუ უნდოდათ ჯერ ტუალეტში წასულიყვნენ, რადგან საათნახევარი დარბაზიდან ფეხს ვერავინ მოიცვლიდა.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორის გამჭვირვალობა -საქართველო”, რომელმაც განცხადება გაავრცელა. საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს.

რადიო “ჰერეთის” დამფუძნებელმა რამაზ სამხარაძემ კი საკრებულოს წევრებს მოუწოდა, მსგავსი საქციელისთვის გოდერძი ბარბაქაძისთვის იმპიჩმენტი გამოეცხადებინათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button