გოგონათა ნაკრების პირველი მოგება გეტებორგში [Photo]

საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა გეტებორგში, ევროპის ღია პირველობაზე, მეორე ეტაპის პირველ მატჩში დაამარცხა სლოვაკეთის ნაკრები 22-20, ხოლო შემდეგ უგებდა ისლანდიასაც (10-6), მაგრამ საბოლოოდ 16-22 წააგო და ხვალ მე-15 ადგილისთვის ეთამაშება მონტენეგროს. სულ ტურნირზე ევროპის 18 უძლიერესი გუნდი თამაშობს.
სლოვაკეთთან ჩვენი გუნდი თავიდან ბოლომდე წინ იყო. ტრავმა მოირჩინა ვენეცკიმ, რომელმაც საუკეთესოდ ითამაშა და 6 გოლიც გაიტანა. ტაიმი 11-9 მოვიგეთ, მატჩი – 22-20. სამ საათში მეორე თამაში გვქონდა ისლანდიასთან, ვისაც ჯგუფის პირველი მატჩი წინადღით ჰქონდა ნათამაშები სლოვაკეთთან (25-25). საქართველოს ნაკრები მოგების ან ფრის შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე გადიოდა და პარასკევს მე-13 ადგილისთვის ეთამაშებოდა ფარერის კუნძულებს, ვისთანაც მარტში, თბილისში, ქალთა ტროფის ფინალში დამარცხდა.
ქართველებმა კარგად დაიწყეს – 4-0 და 5-1. შემდეგ ისლანდიამ გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლომდე 5 წუთით ადრე (მეორე ეტაპზე გუნდები უკვე 25-25 წუთიან ტაიმებს თამაშობენ) ოთხბურთიანი სხვაობა აღდგა – 10-6. სამწუხაროდ, ტაიმის ბოლომდე ისლანდიამ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა – 9-10.
მეორე ნახევარში ისევ დავწინაურდით, 12-10. ისლანდიამ პირველად გაგვისწრო მე-8 წუთზე – 13-14 და შემდეგ ზედიზედ გაიტანა კიდევ ოთხი გოლი – 13-18. თმაშის ბედიც აქ გადაწყდა და საბოლოოდ 16-22 წავაგეთ. საქართველოს ნაკრები, რომელსაც გეტებორგში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა, მათ შორის, ქალთა ტროფის საუკეთესო ხელბურთელი თამარ ჩოგოვაძე, დაიღალა, ხოლო ისლანდიას იმ დღეს, ჩვენგან განსხვავებით, მხოლოდ ეს ერთი მატჩი ჰქონდა.
საქართველოს ნაკრები პირველად გამოდის მსგავს ტურნირზე, რომელიც ევროპის არაოფიციალური პირველობაა თვრამეტწლამდელებს შორის. გეტებორგში ყველა უძლიერესი ნაკრები თამაშობს. ფინალში გავიდნენ დანია და მასპინძელი შვედეთი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ნორვეგია და ჰოლანდია იბრძოლებენ.
6 და 7 ივლისს, პირველ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ფრედ ეთამაშა ფინეთს (15-15), დამარცხდა საფრანგეთთან (12-20), ჰოლანდიასთან (16-24) და ავსტრიასთან (14-23).
ევროპის ღია პირველობა არის მთავარი შეჯიბრება უდიდესი სახელბურთო ფესტივალის, პარტილეს თასისა, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოზარდთა ათასზე მეტი გუნდი გამოდის. 7 ივლისს გაიმართა შეჯიბრების გახსნის ოფიციალური ცერემონიალი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო მარიამ ჩაჩუა – საქართველოს ნაკრების მეკარემ და მისმა ნაციონალურმა კოსტუმმა საყოველთაო აღტაცება დაიმსახურა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”37967″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]