მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გოცირიძე-თალაკვაძის დებატები ბიუროს სხდომაზე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება, მთავრობის ხელში სერიოზული იარაღია, რომელიც, შესაძლოა, ბოროტად იქნეს გამოყენებული.

როგორც გოცირიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ამ კანონის საშუალებით ხელისუფლებას შეუძლია, ნებისმიერი ქალაქი წინასაარჩევნო პერიოდში ჩაკეტოს, რითაც ოპოზიციას გადაადგილებას შეუზღუდავს. მისი თქმით, მთავრობისთვის ეს კანონი რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი იქნება.

„პარლამენტი ეთიშება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს, ძალიან სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას. პარლამენტი ფაქტობრივად, ფარ-ხმალს ყრის. დელეგირებას აკეთებს ისეთი უფლებებისა, რომელიც შეუძლებელია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰქონდეს ამ ზომით. ფაქტობრივად, მთავრობას მიეცით უფლება, შეზღუდოს გადაადგილება, დაკეტოს ეკონომიკის ყველა დარგი, ჩაკეტოს ადამიანები სახლებში, გააუქმოს კონსტიტუციური უფლება, ადამიანის თავშეყრის და გამოხატვის, ჩაკეტოს ქალაქები და ისე გააკეთოს, რომ პარლამენტს არც კი ჰკითხოს. თქვენი პასუხია, კი მაგრამ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობას ხომ არ გამოვაცხადებთ? კი ბატონო, ნუ გამოაცხადებთ, მაგრამ ყველა ეს ნორმა, რომელიც აქაა ჩაწერილი, უნდა ჩაიწეროს, რომ საჭიროებს პარლამენტთან შეთანხმებას. ფაქტობრივად, ესაა მთავრობის ხელში სერიოზული იარაღი, რომელიც შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული. თქვენ ხომ შეგიძლით ამ კანონით ნებისმიერ ქალაქს გაუკეთოთ იზოლირება?

“მაგალითად, ავიღოთ ზუგდიდი. ზუგდიდში აღმოჩნდა ერთი შემთხვევა, მერე იყო საუბარი, რომ იყო პანაშვიდზე. მერე თქვენ დემაგოგიურად შეგიძლიათ გააგრძელოთ, რომ ამ კაცთან ვინც იყო შეხებაში, იმ დღეს იყო მეორე პანაშვიდზე და ადგებით და საარჩევნო პერიოდში ჩაკეტავთ ქალაქს და ყოველგვარ თავისუფლებას აუკრძალავთ პოლიტიკურ ოპოზიციას. თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი. პარლამენტი აძლევს ხელისუფლებას უსაზღვრო უფლებებს. ყველა იმ უფლებას, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში საჭიროებდა პარლამენტის მიერ დამტკიცებას. ეს არის დიქტატორული კანონი. მთავრობის ხელში ეს იქნება რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის, ადამიანების უფლებების შეზღუდვის ინსტრუმენტი“.- განაცხადა გოცირიძემ.

“კარგი იქნებოდა, თქვენს გამოსვლამდე კიდევ ერთხელ გადაგეხედათ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქციისთვის, რომელსაც, სხვათა შორის, თქვენთვის ძალიან ნაცნობი ადამიანი აწერს ხელს, თქვენთვის ძალიან ნაცნობ წლებში”. – ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს მიმართა. როგორც მან აღნიშნა, პოზიცია, რომელსაც რომან გოცირიძე საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ აფიქსირებს, მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, რომელსაც არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია.

„ცვლილებები, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს, აზუსტებს და დღევანდელ მოცემულობაში განმარტავს, თუ როგორ უნდა განხორცილდეს ეს შეზღუდვები და პრევენციული ზომები, რომელიც დღეისათვის ჩვენ გვჭირდება. ეს უბრალოდ იმისთვის, რომ დავასრულოთ ის აპოკალიპტური პროგნოზები, რომელიც თქვენ აქ გააკეთეთ. მესმის, რომ თქვენი პოზიცია სუბიექტურია და თქვენი პარტიის პოზიცია არის თქვენი ფრაქციის პოზიცია. მე პატივს ვცემ თქვენს პოზიციას, მაგრამ ამ პატივისცემის ფარგლებში, მინდა დაგიმტკიცოთ, რომ თქვენ სუფთა მანიპულაციას აკეთებთ დღეს ამ სხდომაზე და სარგებლობთ იმ მანდატით, რომელიც თქვენ გაქვთ პარლამენტში. ამის დასადასტურებლად არსებობს ძალიან მარტივი ტესტი: თვლით თუ არა თქვენ, რომ შეზღუდვები საჭიროა და მიგაჩნიათ, თუ არა, რომ სისტემურმა შეზღუდვებმა, რომელიც მთავრობამ და ხელისუფლებამ გააკეთა, შედეგი გამოიღო?“ – მიმართა თალაკვაძემ ოპოზიცინერ დეპუტატს.

თავის მხრივ, რომან გოცირიძემ თალაკვაძეს უპასუხა, რომ მას აქვს მოსაზრება იმის თაობაზე, კონკრეტულად რომელმა შეზღუდვამ გაამართლა და რომელმა, – არა.

„პარლამენტის გარეშე არ უნდა გქონდეთ ერთი ხელის მოსმით ეკონომიკის ჩაკეტვის საშუალება“. – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button