გრიგორიადისის საქმის განხილვა დასრულდა – განაჩენი “გონივრულ ვადაში” გამოცხადდება

რუსული კანონის საწინააღმდეგო მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი, “გონივრულ ვადაში” გამოცხადდება.
დღეს დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართა, რის შემდეგაც მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბიროდ გავიდა.
გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
“უახლოეს დღეებშიო, გონივრული ვადა იგულისხმება ხოლმე, დაახლოებით 2-3 დღე, მეტი არა. საკმაოდ დიდხანს გაიწელა სასამართლო პროცესი იმიტომ, რომ საკმაოდ მყარი არგუმენტები გვქონდა დაცვის მხარეს, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარესაც ჰქონდა არგუმენტები და რატომღაც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დღეს არ გამოეცხადებინა განაჩენი და ამისთვის დასჭირდა დრო, ლოგიკურიც იყო სადღაც ამხელა პროცესის შემდგომ. დღეს ახალი საერთოდ არაფერი მოგვისმენია გარდა იმისა, რაზეც კეთდებოდა აპელირება მთელ სასამართლო სხდომებზე, დღეს გაკეთდა უბრალოდ შეჯამებული, მეტი არაფერი”- თქვა ადვოკატმა.
სავარაუდოდ, დღეს საღამომდე გახდება ცნობილი, როდის გამოაცხადებ გადაწყვეტილებას მოსამართლე. მანამდე, მხარეებმა, დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს.
ბრალდების მხარის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისმა, სამართალდამცველებს ესროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი, რის შედეგადაც გიორგი ჭოველიძემ მიიღო მარჯვენა ფეხის წვივის დამწვრობა, ხოლო ზურაბ ლურსმანაშვილმა მარჯვენა ხელის მტევნის დამწვრობა.
“ლაზარე გრიგორიადისმა, გიორგი ჭოველიძეს და ზურაბ ლურსმანაშვილს ესროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი, რის შედეგადაც გიორგი ჭოველიძემ მიიღო მარჯვენა ფეხის წვივის დამწვრობა, ხოლო ზურაბ ლურსმანაშვილმა, მარჯვენა ხელის მტევნის დამწვრობა. აღნიშნულის შემდგომ, დაახლოებით ორ დღეში, 9 მარტს, ღამის საათებში, ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლის წაკიდებით, განზრახ გაანადგურა, ჭანტურიას ქუცაზე ამოტრიალებულ მდგომარეობაში არსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს, დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოადგილის გიორგი მაისურაძის სახელზე განპიროვნებული ავტომანქანა “ტოიოტა კორონა” ბრალდების თითოეულ ეპიზოდზე წარმოებული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა, ადასტურებ იმას, რომ ლაზარე გრიგორიადისმა ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედებები”, – განაცხადა საქმის პროკურორმა.
ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, საქმეზე ჩატარდა ჰაბიტოსკოპიური კვლევა, რითაც ვერ მოხდა ლაზარე გრიგორიადისის იდენტიფიცირება.
“ჩვენებები იყო ტენდენციური, ურთიერთშეუსაბამო, მიკერძოებული, ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ. ასევე ვიმსჯელეთ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რაზეც , როგორც ბრალდების მხარემ, ასევე დაცვის მხარემ გააკეთა კომენტარი, რომ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითაც კი, ვერ მოხდა ლაზარე გრიგორიადისის იდენტიფიცირება”, – განაცხადა ლიკა ბითაძემ.
მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, თათია მანეჟაშვილის განცხადებით, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა „უსუსური“ იყო და ის მხოლოდ ვერსიებს ეფუძნებოდა.
როგორც ადვოკატმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ლაზარე გრიგორიადისს დამნაშავედ ცნობს, დაცვის მხარე სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.
„ლაზარე გრიგორიადისის საქმე დავასრულეთ. ორივე მხარე დასკვნითი სიტყვით წარვდექით, ჩვენი პოზიციები დავაფიქსირეთ. სხდომათა დარბაზში მოვისმინეთ, რუ რამდენად უსუსური იყო ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა. ის, რეალურად, მხოლოდ ვერსიებს ეფუძნებოდა. ვერცერთი არგუმენტი პირდაპირ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლებოდა, ლაზარე გრიგორიადისის ბრალეულობას ვერცერთი ადასტურებდა.
ყოველი აღნიშნულის გადაწყვეტილებით, დაცვის მხარეს ძალიან საფუძვლიანი, არგუმენტირებული დასკვნითი სიტყვა ჰქონდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები, როგორც მოლოტოვის კოქტეილის სროლა, ასევე, სახელმწიფო ბალანსზე არსებული ავტომობილის გადაწვა, რეალურად ლაზარე გრიგორიადისს არ ჩაუდენია. დაცვის მხარე ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ლაზარე გრიგორიადისს არსებულ ბრალდებებში გაამართლებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბრძოლას ვაგრძელებთ. ეს გამოიხატება მეორე ინსტანციაში გასაჩივრებით და ასევე, როგორც კი განაჩენი დადგება, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა ადვოკატმა თათია მანეჟაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დასკვნით სხდომაზე სასამართლოს ლაზარე გრიგორიადისმა მიმართა და მის მიმართ წარდგენი ბრალზე ისაუბრა:
“აგრესიული კერები წარმოიშვა მას შემდეგ, რაც პოლიცია დაიწყო გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, წიწაკის სპრეი…ამის შემდეგ მოხდა რაც მოხდა. ქვის სროლა ა.შ. და იტყუებიან ის პოლიციელები, რომლებიც იძახიან, რომ ჩვენ პირველად არ გაგიშვიაო წიწაკის სპრეი, საზოგადოებიდან დაიწყო აგრესიაო, ეგ იყო სრული ტყუილი. რაღაცა კონკრეტული სიტუაციები შეიძლება იყო, სადაც ქვის სროლა იყო, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მთლიანი აქცია უნდა დაარბიო.
ნავთობპროდუქტები, რომელიც ჩემ ქურთუკზე აღმოჩნდა, წესით, ნავთობპროდუქტში ზეთიც შედის, ბევრი რაღაც შედის, მაინც და მაინც რომ “მოლოტოვის ქოტეილისგან” აღმოჩენილიყო ჩემ ქურთუკზე კვალი, გამორიცხულია.” თქვა ლაზარე გრიგორიადისმა, რომელიც სხდომას დისტანციურად ერთვებოდა.
არგუმენტები დამაჯერებელი იყო დაცვის მხარის, ბრალდების მხარე ისევ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს იშველიებს , – ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის დედამ თამთა კალანდაძემ, სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურა კვლავ პოლიციელების ჩვენებებს იშველიებს.
“თვალსაჩინოდ, არგუმენტები დამაჯერებელი იყო დაცვის მხარის, ბრალდების მხარე ისევ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს იშველიებს, ძალიან სასაცილოა ჩემთვის და მათთვის ვინც დარბაზში იჯდა და უსმენდა. თუ ადამიანს აქვს, ელემენტარული, ადამიანობა და ნამუსი ლაზარეს გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა გამოუტანოს. არაფერი გლობალური არ თქმულა, ის ლაქა, რომელიც ლაზარეს ქურთუკზეა აღმოჩენილი, შეიძლება ნებისმიერს ჰქონოდა ვინც აქციებზე იმყოფებოდა”, – განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის დედამ.
ლაზარე გრიგორიადისის ბაბუის, გია კალანდაძის თქმით, თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ლაზარე გრიგორიადისის გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებენ.
“ვინც იქ იჯდა, მემგონი ყველა მიხვდა, თუ როგორ “გაანადგურა” ბრალდების მხარე, ადვოკატმა, ასეთია ჩემი აზრი.
ლაზარემ ახსენა ის დარღვევბი, რაც დაკავების მომენტში ჩაიდინეს. არ ვიცი, ვერ გეტყვით, თუ ნორმალურად იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მაშინ ლაზარე უნდა გამოუშვან. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ყველა გზას მივმართავთ, რომ ლაზარე დავიხსნათ
“დადასტურდა, რომ ეს სასამართლო პროცესი არის ფარსი…” – ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა გია კალანდაძე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საუბრობს.
შთაბეჭდილებას რაც შეეხება, დღეს დადასტურდა, რომ ეს სასამართლო პროცესი არის ფარსი. ჩვენმა ადვოკატებმა, ლაზარეს ადვოკატებმა გაანადგურეს პაექრობაში ბრალდებები. რაც შეეხება იმას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, მაგას მე ვერ გეტყვით. თუ ნორმალური ადამიანია, უნდა გამამართლებელი მიიღონ და თუ დავალებას ასრულებს, მაშინ არ ვიცი, რა იქნება, – ამბობს ლაზარეს ბაბუა.
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.
ლაზარე გრიგორიადისის საქმე – ხელისუფლების შურისძიება
22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.