მნიშვნელოვანისიახლეები

გუდაურში კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა, რომელიც პარაპლანისტების გადარჩენას ცდილობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.

„მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის”, – იუწყება შსს.

ამასთან გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო.

უწყებამ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, რომ ვერტმფრენში 8 ადამიანი იმყოფებოდა.

უწყების ცნობით, შესაბამისი დანაყოფები გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან და ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.

არიან თუ არა გარდაცვლილები, ამ საკითხზე შსს-ს განცხადებაში საუბარი არაა.

“დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი”- ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, რომ პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს განაგრძობს.

დღეს, 29 ივლისს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button