გუდაურში მომხდარ მკვლელობას ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
გუდაურში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. სასამართლო პროცესი მცხეთაში დღეს გაიმართა.
სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. საქმის განხილვას ნაფიცი მსაჯულები 25 მაისს გორის რაიონულ სასამართლოში დაიწყებენ.
“სასამართლომ სრულად დაამტკიცა როგორც ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოში და რის დასაშვებად ცნობასაც ვითხოვდით. რაც შეეხება მოხსნილ მტკიცებულებებს, ეს იყო დაცვის მხარის მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ არ გავიზიარეთ და მოვხსენით ჩვენი ნუსხიდან. რაც შეეხება სასამართლოს მხრიდან საქმის ნაფიცი მსაჯულებისთვის გადაცემის საკითხს, აღნიშნული საკითხი გადაწყვიტა თვითონ მერაბ კობიაშვილმა, ბრალდებულმა. მან გადაწყვიტა, ვის უნდა განეხილა სისხლის სამართლის საქმე, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილების საფუძველზე, საქმე გადაეცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველად.“ – განაცხადა პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა.
მერაბ კობიაშვილი გუდაურში 16 თებერვალს 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული. დაცვის მხარის ვერსიით, ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იყო.
კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი, დამატებით, ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.