გუდაურში სამაშველო ვერტმფრენში მყოფი 8-ვე ადამიანი გარდაცვლილია
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პარაპლანებით ფრენა დროებით აიკრძალება
გუდაურთან, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, გუდაურში სამაშველო ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა მათ შორის, ექვსი იყო შსს-ს თანამშრომელი, ხოლო ორი – სასწრაფო-სამედიცინო დახმარების.
„მინდა პირველ რიგში ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე. მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. ძალიან მძიმეა ჩვენთვის ყველასთვის, მით უმეტეს, მათი ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის. [ვერტმფრენში] შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი თანამშრომელი იყო, იყვნენ სასწრაფო-სამედიცონო დახმარების ექიმები. ძალიან ცუდი, უბედური შემთხვევა მოხდა. კადრიც გავრცელდა, რომ ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხდა ვარდნა. მეტი ჯერჯერობით არაფერი არ ვიცით. ექსპერტები მუშაობენ, რამ გამოიწვია ვერტმფრენის ვარდნა. სამწუხაროდ, 8 ადამიანი არის გარდაცვლილი, – განაცხადა გომელაურმა და მალევე დაამატა, – კადრის მიხედვით რაც დავინახე, თითქოს, გორას, კლდეს ეჯახება [ვერტმფრენის] უკანა მხარე და შემდეგ იწყება უკვე მართვის დაკარგვა. რამ გამოიწვია? შეცდომა იყო? გაუმართაობა იყო? თუ ქარის ბრალი იყო? ალბათ ექსპერტიზა გვეტყვის”.
როგორც ვახტან გომელაურმა თქვა, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რომ დღესვე შეძლონ დაღუპულთა გადასვენება პროზექტურაში.
გომელაურის თქმითვე, პარაპლანით მფრინავებიდან ერთი ქართველი მგზავრი გადარჩა და კლინიკაში გადაჰყავთ, ხოლო მეორე – უცხოელი ტურისტი დაიღუპა.
“რაც შეეხება პარაპლანით ფრენებს, გიდასტურებთ, დიდი პრობლემაა. კვირა არ გავა სამაშველო ოპერაცია რომ არ ჩატარდეს, ვერტმფრენი არ ჩაირთოს, არის, რა თქმა უნდა, გარდაცვალების ფაქტებიც და ალბათ უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. არის ძალიან რთული, არ ვიცი რატომ ხდება ამ პარაპლანების აქ ხშირად ჩამოვარდნა, ქარია, ხეობებია ან არ არიან პროფესიონალები. ლიცენზია როგორ გაიცემა, საინტერესოა ყველაფერი და ამას ჩავყვებით აუცილებლად. სანამ ეს არ დამთავრდება, ჩემი აზრით, უნდა შეჩერდეს პარაპლანებით ფრენა და უკვე შესწავლის შემდეგ გაიცეს ლიცენზია იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან პროფესიონალები. ამ დღეების განმავლობაში, სანამ პასუხი არ გვეცოდინება, გაჩერდება”, – განაცხადა გომელაურმა.
გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ვიდრე გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ყველაფერს არ შეისწავლიან, პარაპლანით ფრენები აიკრძალება.
ამის შესახებ გომელაურმა გუდაურში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პარაპლანით ფრენებზე რეგულაციები უნდა გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე პარაპლანის ჩამოვარდნის ფაქტები ხშირად ხდება და სამთავრობო გუნდი რეგულაციების გამკაცრებაზე იმუშავებს.
„რაც შეეხება პარაპლანით ფრენებს, დიდი პრობლემაა ნამდვილად, გიდასტურებთ. არაერთხელ მოხდა, თითქმის კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა. რა თქმა უნდა, არის დაღუპვის ფაქტები. ალბათ უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. არ ვიცი, აქ რატომ ხდება ხშირად ჩამოვარდნა პარაპლანების. ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები, ლიცენზიაც როგორ გაიცემა – ყველაფერი საინტერესოა და ამასაც ჩავყვებით აუცილებლად. ვიდრე ეს დამთავრდება, ჩემი აზრით, უნდა გაჩერდეს ყველანაირი პარაპლანებით ფრენა და შესწავლის შემდეგ, გაიცეს ლიცენზია ისეთ ადამიანებზე, ვინც ნამდვილად პროფესიონალია. ამ დღეების განმავლობაში, ვიდრე პასუხი არ გვეცოდინება, შეჩერდება ფრენა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ რომ დღეს, 29 ივლისს თეთრი არაგვის ხეობაში, გუდაურთან ახლოს, სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. მაშველები და მედიკოსები კლდეს შეჯახებული პარაპლანისტების დასახმარებლად მიდიოდნენ.
პარაპლანით ფრენის დროს, ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. განცხადების თანახმად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
თეთრი არაგვის ხეობაში უბედური შემთხვევა, ბოლო 2 კვირაში დღეს უკვე მეორედ მოხდა.
პარაპლანის ჩამოვარდნას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 16 ივლისსაც. დღეს კი ხევში პარაპლანით არაბი ტურისტი ჩავარდა, ის ადგილზე გარდაიცვალა, პარაპლანის პილოტი კი მძიმედ დაშავდა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ დასამხმარებლად წასული სამაშველო ჯგუფი კი, ვერტმფრენით ხევში ჩავარდა და აფეთქდა, ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.
დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთი ჩაკეტილი იყო. რაც შეეხება სამაშველო ოპერაციას, ის დროებით შეჩერდება, მაშველები მუშაობას ხვალ დილის 7 საათიდან გააგრძელებენ.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე, გამოძიება 275 მუხლითაა დაწყებული. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 94 კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული.