მნიშვნელოვანისიახლეები

გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გვიანობამდე აღნიშნავდა

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა

ისტორიაში პირველად, ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს! “ევრო 2024”-ის საგზური, ფეხბურთელებმა საბერძნეთის გუნდის დამარცხების შედეგად, პლეიოფის ფინალში მოიპოვეს- გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გვიანობამდე აღნიშნავდა. თამაშის შემდეგ ქომაგებმა ზეიმი თბილისთან ერთად თითქმის ყველა რეგიონში მოაწყვეს. ისმოდა გამარჯვების შეძახილები, საზეიმო სიმღერები და მანქანის სიგნალები. აფრიალებდნენ საქართველოს დროშას და ერთად მღეროდნენ საქართველოს ეროვნულ ჰიმნს.

თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, გორი – გულშემატკივრებმა საყვირებით, სიგნალებით, მანქანების კოლონებით და ეროვნული დროშებით ეროვნული ნაკრების დიდი გამარჯვება აღნიშნეს. დიდი თუ პატარა, ყველა, სიცივის მიუხედავად წუხელ ქუჩაში იყო გამოსული. იყო ფეიერვერკიც, ცეკვაც და სიმღერაც.
ამასთან საქართველოს ნაკრების გამარჯვებას “დინამო არენაზე” მყოფი გულშემატკივარი ემოციურად შეხვდა. მაყურებელმა ტრიბუნებიდან მოედანზე გადაინაცვლა და გამარჯვება ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა.

მოედნის შემდეგ, პირველი ემოციები დღის გმირებმა მედიის წინ, საკონფერენციო დარბაზში გამოხატეს

პარალელურად, ემოციებს ვერც ტრიბუნებზე მალავდნენ.

“დინამო არენა” ვარსკვლავებმა ავტოგრაფებისა და გულშემატკივართან ფოტოების გადაღების შემდეგ დატოვეს. ისტორიული მატჩი ფეხბურთელებმა მედიასთან შეაჯამეს.

ემოციური იყო რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრის მოლოდინიც.

ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრას ხალხი თითქმის 2 საათი მოუთმენლად ელოდა.

გულშემატკივართან შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელებმა, საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე გადაინაცვლეს.

ქვეყანას და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიული გამარჯვება, პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა სცენიდან კიდევ ერთხელ მიულოცეს. ამ გამარჯვებისთვის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყველა წევრი ღირსების ორდენზე წარადგინეს.

ნაკრების ფეხბურთელებს, გამარჯვება მიულოცა სალომე ზურაბიშვილმაც.

დღის გმირები გულშემატკივრებს უკვე გერმანიაში გასამართ მატჩზე ელოდებიან.
“ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს… ჩვენ დავწერეთ ისტორია!” – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, იმიტომ რომ არა მარტო დღეს, არამედ მთელი ეს წელიწად ნახევარი-ორი წელი რაც იყო გვერდში გვიდგანან და გვამხნევებენ რაც შეუძლიათ. მათი დიდი დამსახურებაა დღეს რომ აქ ვართ და მიხარია მათთვის იმიტომ რომ ისინი გავაბედნიერეთ და გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ოცნება ავიხდინეთ…

არა მარტო პენალტების დროს. მთლიანად თამაში ძალიან რთული იყო. ვიცოდით, რომ ფინალი იყო და ფინალი სულ არის დაძაბული, არ იცი რა მოხდება და მითუმეტეს ნაკრებში უფრო რთულია და დიდ წნეხს გრძნობ, პასუხისმგებლობას და ამიტომ, რა თქმა უნდა რთული იყო….

ემოციური თამაში იყო, იმიტომ, რომ მინდოდა ეს ხალხი გამეხარებინა. არა მარტო მე არამედ ბიჭებს ყველას გვინდოდა რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა. ისინი იმსახურებენ ამას. გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ დავწერეთ ისტორია!…

პირველი პენალტი ვიცოდი სადაც დაარტყამდა, იმიტომ, რომ 4 პენალტი ჰქონდა ზუსტად დარტყმული მაგ კუთხეში, როცა ძალიან სჭირდებოდა გუნდს, ასე რომ ვიცოდი სადაც დაარტყამდა. და ბოლო რომელიც გააფუჭა ისიც ვიცოდი სად დაარტყამდა.” – განაცხადა მამარდაშილმა.

შეგახსენებთ დედაქალაქთან ერთად საზეიმო განწყობა მთელს საქართველოს მოედო. ისტორიული გამარჯვება ყველა რეგიონში აღნიშნეს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საბრძოლო განწყობით მიემგზავრება. ფეხბურთელები პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს ჩაატარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button