მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს სთხოვს, აგენტების შესახებ გაგზავნილი კანონპროექტები აღარ განიხილონ

ტექნიკურად მისი უკან გაწვევა შეუძლებელია ისევე, როგორც დაჩქარებული წესით განხილვაც შეუძლებელია

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ ბაზის წერილს უგზავნის და სთხოვს, ე.წ. აგენტების შესახებ პარლამენტის მიერ გუშინ გაგზავნილი კანონპროექტები აღარ განიხილონ.

პაპუაშვილი წერილში მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია, რის გამოც „მმართველმა პარტიამ, როგორც პასუხისმგებლიანმა აქტორმა აღნიშნული კანონპროექტების მხარდაჭერის გაწვევა გადაწყვიტა“.

„თქვენო აღმატებულებავ, რამდენიმე დღის წინ გადმოგეცით წერილი, სადაც გთხოვდით ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია. მცდარმა ნარატივებმა და იარლიყებმა შეცდომაში შეიყვანა მოქალაქეები და კონფრონტაციას დაუდო საფუძველი.

შესაბამისად, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი, რომელიც ზრუნავს ქვეყანაში მშვიდობაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა აღნიშნული კანონპროექტების მხარდაჭერის გაწვევა და შემდგომი საკანონმდებლო განხილვების შეწყვეტა.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ, აღარ განიხილოთ ჩვენი თხოვნა სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე და შეაჩეროთ ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

ქალბატონო პრეზიდენტო, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას“,- აღნიშნავს პაპუაშვილი წერილში.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს, პირველი მოსმენით მიღებულ პროექტს კი პლენარულ სხდომაზე ისევ გაიტანენ და მეორე მოსმენისას კენჭისყრაზე ჩააგდებენ.

შესაბამისი განცხადება “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მმართველი ძალის ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, შესაბამისად, ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ, რომ ამ კანონპროექტებზე მოხდეს განხილვა და დასკვნის გამოგზავნა. ერთი კანონპროექტი, რომელზეც შესაძლებელი იყო პროცედურულად, „ხალხის ძალის“ მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, როგორც ეს პროცედურულად ხდება, იმის შესახებ, რომ ის არის გამოწვეული. რაც შეეხება მეორე საკითხს, შესაძლოა, ეს გარკვეული ფორმალობაც იყოს, მაგრამ მათივე მხრიდან მიწერილია წერილი, რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. რაც შეეხება კანონპროექტს გაწვევის გზებს, რომელიც პირველი მოსმენითაა განხილული, როგორც წესი, საქართველოს რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენით ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ და გიდასტურებთ. ჩავარდნა იქნება ის, რაც ამ საკითხს პროცედურულად გადაწყვეტს“, – განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ე.წ. აგენტების შესახებ ერთი კანონი პირველი მოსმენით არის მიღებული, ამიტომ ტექნიკურად მისი უკან გაწვევა შეუძლებელია ისევე, როგორც დაჩქარებული წესით განხილვაც შეუძლებელია.

„კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, როგორც ამას საქართველოს რეგლამენტი ითვალისწინებს, სხვაგვარი დათქმა არ არის. განმარტებას გავაკეთებ, რომ სპეკულაციები მორჩეს, თუკი ვინმეს უნდა ახლა ფორმალიზმთან დაკავშირებით რაღაცა მუხტი შეინარჩუნოს, პასუხისმგებელი იქნება თითოეული ადამიანის ფრჩხილის ტკენაზე, თუკი ამით აპირებენ რაღაც მუხტის გაზრდას. აბსოლუტური სპეკულაციაა ტექნიკურ და ფორმალურ დეტალებზე ახლა საკითხების გადატანა და ამით მუხტის შენარჩუნების მცდელობა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ხვდება ახლა, რომ ვერავინ წაიღებს უკან. ხალხის პროტესტზე თუა რაღაც საუბარი, ათმაგი პროტესტი იქნება ამის უკან წაღების შემთხვევაში. ეს წარმოუდგენელი რამეა. მაგრამ ეს არ არის მთავარი ამბავი – წმინდა ტექნიკური და ფორმალური თვალსაზრისითაც მინდა განგიმარტოთ, რომ პირველ მოსმენამდე შესაძლებელია გაწვევა და ერთი კანონის შემთხვევაში ასე მოხდა. რადგან მეორე კანონი პირველი მოსმენით არის მიღებული, გაწვევა არის შეუძლებელი, ასევე დაჩქარებულად განხილვა არის შეუძლებელი, იგივე რეგლამენტი თანახმად. აქედან გამომდინარე, წმინდა წყლის სპეკულაციაა, ამ ლოგიკით, შეგვიძლია ნებისმიერი გაწვეული კანონი დავაინიციროთ და დაჩქარებული წესით მივიღოთ, ასეთ რაღაცაზე თუ წავა რომელიმე პოლიტიკური გუნდი, რომ კანონი გაიწვიოს და შემდეგ მოუნდეს ფორმალური საკითხების გამოყენება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ რომ მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს, დილას განაცხადა. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.

შსს-ს ინფორმაციით, 8 მარტის აქციაზე რუსთაველის გამზირზე გამართულ მშვიდობიან აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს. ბოლო 2 დღეში აქციაზე ჯამში 133 ადამიანია დაკავებული.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს “ხალხის ძალას” უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში “უცხოური გავლენის აგენტებს” გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. “უცხოური გავლენის აგენტებად” დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და “გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს”.

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული “საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის”.

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა – მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button