მნიშვნელოვანისიახლეები

„გულწრფელად ვამბობ, რომ რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს, რადგან ვიცით, თუ როგორ იწერება ისინი,,-ოცნება

რეზოლუციას ოპოზიციაც გამოეხმაურა

გავა დრო და გაირკვევა, რომ ვიღაცას ფული გადაუხადეს და ეს კონკრეტული რეზოლუცია იმის მიხედვით დაიწერა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის იმ რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეა საუბარი.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი, რისთვისაც სასჯელს იხდის.
„გულწრფელად ვამბობ, რომ რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს, რადგან ვიცით, თუ როგორ იწერება ისინი. გავა გარკვეული დრო და გაირკვევა, რომ ვიღაცას ფული გადაუხადეს და ეს კონკრეტული რეზოლუცია იმის მიხედვით დაიწერა. რა არის აღნიშნული რეზოლუციის შინაარსი? – გვეუბნებიან, გამოუშვით სააკაშვილიო. წარმოგიდგენიათ?! იღებენ რეზოლუციას, რომლითაც გვეუბნებიან, რომ ადამიანი, რომელსაც კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი და ამისთვის სასჯელს იხდის, უნდა გათავისუფლდეს. ასე ფუთავენ, რომ თურმე ეს არის დემოკრატია. ასევე, საუბარი იყო ლგბტ პროპაგანდაზე. ამ დროს კი მარტივი მოცემულობაა – ჩვენ ვეწინააღმდეგებით პროპაგანდას. ადამიანის უფლებებს უდიდეს პატივს ვცემთ და საზოგადოებას უმრავლესობად და უმცირესობად არ ვყოფთ. პირობითად თქვენ, ვისთან რას აკეთებთ და როგორ, ეს არც ჩემი და არც საზოგადოების საქმეა. ეს თქვენი პირადია და შეგიძლიათ, შეინახოთ თქვენთვის. ამ ყველაფრის პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი შეფასებები პოლიტიკური პროცესებში გარკვეული ინსტრუმენტია, რომლითაც მოქალაქეების დაპირისპირებას ცდილობენ.
„თქვენ გიცავთ კანონი, ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს ამ ქვეყანაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა ადამიანების დაყოფა და რაღაც მიმართულების პროპაგანდა, რომელიც ერთ-ერთი ინსტრუმენტია პოლიტიკურ პროცესებში, რათა გამოყენებული იყოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მოქალაქეების დაპირისპირება შედგეს და პოლარიზება გაღრმავდეს. ესეც ჩვეულებრივი ინსტრუმენტია, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები და კიდევ ბევრი რამ. ამ მოცემულობის წინაშე ვდგავართ დღეს. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება – რა არის ერთ მხარეს და რა მეორე მხარეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კითხვაზე – რა მოლოდინები აქვს საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის შესახებ, რომლის კენჭისყრაც ევროპარლამენტში 10 ოქტომბერსაა დაგეგმილი, კახა კალაძე პასუხობს, რომ მსგავსი რეზოლუციებით, მიზანმიმართულად ითხოვდნენ, საქართველო შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რომლითაც ისევ ქართველი ხალხი დაზარალდებოდა.
„უამრავი მსგავსი რეზოლუცია გვინახავს. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით. რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ, რომ იცავს თავისი ქვეყნის, ხალხის, ინტერესს? საკუთარ ქვეყანას იცავს. ვინ დაზიანდებოდა, სანქციებს რომ შევერთებოდით? ეკონომიკურად ვინ მიიღებდა ამ ზიანს? – მიიღებდა მაგალითად, ის გლეხი, რომელიც კახეთში შრომობს, წვალობს, რათა რაღაც შექმნას, გააკეთოს, მერე ამ პროდუქტის რეალიზება მოახდინოს. ამ ყველაფერს თუ ჩავუკეტავთ, ვინ დაზარალდებოდა? ისევ ის გაჭირვებული მოქალაქე დაზარალდებოდა. ესეც მიზანმიმართულად კეთდებოდა, რათა ქვეყანას ეკონომიკური კრიზისი განეცადა, შექმნოდა პრობლემები და მერე ხალხს ექნებოდა აბსოლუტური ლეგიტიმაცია იმისა, რომ მოვიდეს და ხელისუფლება ჩამოგამხოს. იმიტომ გირჩევს ხალხი და იმიტომ გიჭერს მხარს, რომ ვალდებული ხარ, გაატარო ისეთი პოლიტიკა, რომელიც დაიცავს ხალხის, სამშობლოს ინტერესებს. ამიტომაც არის, რომ უკვე 12 წელია, „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

რეზოლუციის პროექტის ყველა პუნქტი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი აღნიშნული კომენტარით 14 ევროპარლამენტარის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა.
„რეზოლუციაში მოთხოვნაა, რომ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა და უნდა გათავისუფლდეს, კონკრეტული ადამიანი კი თურმე ლგბტ კანონის მიღების შემდეგ მოკლეს. სხვა არაერთი ჩამონათვალი იყო, როგორ უნდა დაისაჯოს იმ გამოწვევების წინაშე მყოფი პატარა ქვეყანა, რასაც ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია ჰქვია. ჩვენს პატარა ქვეყანას ემუქრებიან ადამიანები, რომლებიც არც საქართველოს ხვალინდელ დღეზე ნაღვლობენ, რა ექნება ქვეყანას და არც მის მომავალზე თუ ოჯახებზე. ყველა პუნქტი – სააკაშვილით დაწყებული ლგბტ კანონის საკითხით დასრულებული, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ისევე, როგორც ხელისუფლებას მისი მეთაურობით, მაშინ, როცა სააკაშვილმა არათუ ნაბიჯები გადადგა, ხელი შეუწყო ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას და რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში პოზიციები გაიძლიერა როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს იმ ადამიანებმა დააშავეს, ვის ადვოკატირებასაც ცდილობს ევროპარლამენტარების ნაწილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებს ორმაგი სტანდარტები ახასიათებთ, რადგან ევროკომისია საქართველოს დემოკრატიის კუთხით წინმსვლელ ქვეყნად აფასებს, ხოლო ევროპარლამენტი რეზოლუციაში წერს, რომ საქართველოში დემოკრატია უკან მიდის.
“ევროკომისია აფასებს საქართველოს, როგორც დემოკრატიის კუთხით წინმსვლელ სახელმწიფოდ, ასევე – დინამიკურად, თანმიმდევრულად განვითარებულ სახელმწიფოს. ევროპარლამენტი კი რეზოლუციაში წერს, რომ თურმე, საქართველოში დემოკრატია უკან მიდის. ეს არის მათი ორმაგი სტანდარტები”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

,,ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს,,-კობახიძე

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის მნიშვნელობას დავაკნინებდი, რადგან ეს ჯერ პროექტია და არავინ იცის, როგორი საბოლოო სახე ექნება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციებს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების წონა აქვს და აღსრულების არანაირი მექანიზმი იქ არ დევს, ასეთი მექანიზმი მხოლოდ ევროკომისიას აქვს.
„ძალიან რომ მოვინდომო, ევროპარლამენტში 10-15 დეპუტატს ვიპოვი, ვისაც „გირჩზე“ გული შესტკივა, რომელიც რეზოლუციას გაიტანდა. შემდეგ ეს რომ ძირითად თემად გავხადო, ეს სერიოზული არ მგონია, რაღაც საკითხები არაფერ შუაშია, რაღაცას ვეთანხმები. მაგალითად, სანქციების საკითხებს. სამხედრო სანქციებს დიდწილად მიერთებული ვართ. შეიძლება, საქართველოს მიერ სანქციების მიმართ ერთგულება ეჭვქვეშ დადგეს ფინანსურ საკითხში, სადაც მთავრობამ უკანა კარი დაიტოვა იმისთვის, რომ თუ ევროპიდან ან ამერიკიდან ფინანსური სანქცია იქნება, ადგილობრივმა სასამართლომ უნდა გასცეს თანხმობა. ეს შეიძლება, ევროპაში უკანა კარის დატოვებად აღიქმებოდეს, მაგრამ თუ ამის მოშლას მოითხოვენ, ეს შეიძლება პოლიტიკურად სავაჭრო იყოს, მაგრამ სხვა დანარჩენ სანქციებს არ უნდა შევუერთდეთ. ასეთი პროექტები შეიძლება, ბევრმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დააორგანიზოს ევროკავშირში“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

14-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა, რომელშიც საქართველოსადმი სხვა მოთხოვნებთან ერთად მოყვანილია: სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ივანიშვილისა და სხვა პირების სანქცირება, სააკაშვილის გათავისუფლება, ოჯახურ ღირებულებათა კანონის გაწვევა. პროექტის სახელწოდებაა „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“.

მსგავსი პოსტები

Back to top button