გუმათში აქციისას პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები გაათავისუფლეს
სოფელ გუმათში 29 მაისის აქციისას პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მუკბანიანი და დავით ხუციშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ირაკლი მუკბანიანი სოფელ საყულიაში 1 ივნისს დააკავეს სპეცოპერაციის შედეგად.
გამოძიების ვერსიით, „ბრალდებული 29 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს. ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა”.
ირაკლი მუკბანიანის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის (პოლიციელზე თავდასხმა) პირველი ნაწილით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იგივე ბრალდება წაუყენა პროკურატურამ „რიონის ხეობის მცველს“ დავით ხუციშვილს, რომელიც პოლიციამ 10 ივნისს დააკავა.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციებს უწყვეტად მართავენ. დემონსტრანტები ცდილობენ, არ შეუშვან ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები რიონის ხეობაში სოფელ გუმათიდან.
აქტივისტების ინფორმაციით, ამჟამად ხეობაში სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს.