მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გურამ დონაძეს პატიმრობა შეეფარდა

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლის და 3 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის და 3 თვის ვადით.

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით და 3 თვით პატიმრობა და თანამდებობის დაკავება 2 წლისა და 3 თვის ვადით.

ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი, 2 წლის და 3 თვის ვადით აეკრძალა.

ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 3 თვის ვადით. 2 წლის და 3 თვის ვადით კი, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლისა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანადებობის დაკავების უფლება.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებული იყო 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

ზაზა ბაქრაძე ერთადერთი იყო აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა და აცხადებდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილი იყო და ამაში მასაც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 30 მარტს ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button