გურამ როგავამ “რუსთავი2” დატოვა
გურამ როგავამ, პოსტსკრიპტუმის წამყვანმა და ჟურნალისტმა, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2” დატოვა, – ამის შესახებ იგი თავად წერს ფეისბუქში.
“მადლობა “რუსთავი 2”-ს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის.მადლობა ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ორი წლის განმავლობაში ჩემს პროფესიულ განვითარებაზე გულწრფელად ზრუნავდა, მეხმარებოდა და მაძლიერებდა.
სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ საკუთარ თავს ამ არხზე, – ძალიან მიჭირს, მაგრამ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი.
ცვლილებების დროა!
მადლობა მაყურებელს, რომელიც გადაცემა P.S.-ის მოულოდნელი გაუჩინარების გამო, წუხილს მიზიარებდა, მამხნევებდა და ჩვენი გუნდის ეთერში დაბრუნების იმედს გამოთქვამდა.მეამაყება თითოეული გადაცემა, რომელიც ამ მოკლე დროში მოვამზადეთ.
ბოდიში იმის გამო, რომ ვერ დავაბრუნე “პოსტსკრიპტუმი”, რომლის ამბიციაც იყო ეჩვენებინა შეუნიღბავი რეალობა და დამდგარიყო ხალხის გვერდით.
მჯერა, იგივე ამბიციით მალე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ეს “რუსთავი 2”-ზე არ მოხდება!
დროებით! ” – წერს როგავა.
ჰერეთი, გასულ თვეში წერდა, რომ P.S-ის ერთ-ერთი გადაცემა ეთერში არ გავიდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ როგავამ არხი დატოვა, თუმცა აღნიშნული მალევე უარყო.
გურამ როგავა ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის მიმართ კრიტიკული გადაცემებით და ფეისბუქში აქტიური სტატუსებით გამოირჩევა. ის მედიის მხარდამჭერ აქციებშიც იღებდა მონაწილეობას.
“რუსთავი2″ მიიჩნევს, რომ მედიის დაყოფა დაუშვებელია, ნებისმიერ ჟურნალისტს უნდა მიეცეს სამთავრობო ღონისძიებაზე დასწრების და ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის კითხვის დასმის საშუალება”- წერს ჟურნალისტი.
“რუსთავი2-ს” არხიდან თანამშრომლის გაშვების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
ცოტახნის წინ, არხიდან გაათავისუფლეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” კიდვ ერთი ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე
თოქშოუ „კვირის ინტერვიუს“ წამყვანი, გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის ბრძანებით სამსახურიდან დაითხოვეს.
გენერალური დირექტორის ბრძანება 2021 წლის 9 აგვისტოთი თარიღდება და მიზეზად მითითებულია, რომ წამყვანმა მაუწყებლის ქცევის კოდექსი დაარღვია. კონკრეტულად ის რამდენიმე პუნქტი, რომელიც სოციალური ქსელების გამოყენებას არეგულირებს.
აბსანძე კრიტიკული განცხადებებით განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოირჩეოდა, აპროტესტებდა რა ჟურნალისტებზე 5-6 ივლისის მასობრივ ჰომოფობიურ ძალადობას და მთავრობის როლს ამ პროცესში. 5 ივლისს ნაცემი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას 11 ივლისს დაღუპვაზე შსს-ს მიერ ნარკოტიკული ზედოზირებით გარდაცვალების ვერსიის სახელდახელო გაჟღერებას აბსანძე სამინისტროსადმი Facebook-ზე გინებით გამოეხმაურა.
აბსანძემ ისიც თქვა, რომ მისი გაშვების გადაწყვეტილებას სულ რამდენიმე, ან შესაძლოა, ერთი ავტორი ჰყავს და რომ მისმა მომხრეებმა კრიტიკა მთელ მაუწყებელზე არ განაზოგადონ. ამასთან, აბსანძემ თქვა, რომ არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი „კონსტრუქციულ ახალ ამბებს ლობირებს ამ სისტემურად ჩამოქცეულ ქვეყანაში.“
აბსანძე შსს-მ 12 ივლისს ძალის გამოყენებით „ქართული ოცნების” ოფისის წინ საპროტესტო აქციაზე დააკავა. როდესაც ორიოდე საათის შემდეგ იგი გაათავისუფლეს აღმოჩნდა, რომ დაკავებისას ჟურნალისტს ხელი მოტყდა. მოგვიანებით კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
„საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ჟურნალისტის გათავისუფლებაზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
წაიკითხეთ ასევე:
გურამ როგავა: გარკვეული პოლიტიკური ლიდერები ითხოვდნენ, რომ მე უნდა ჩავეხსენით ეთერიდან