გურჯაანის გამგებელმა პირველი მოადგილე თანამდებობიდან გაუშვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გივი გერგიძემ თავისი პირველი მოადგილე, გუჯა გიორგაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც გამგეობის პრესსამსახურში განაცხადეს, მიზეზი გამგებლის კანონით მინიჭებული დისკრეციული გადაწყვეტილებაა. “ ბრძანება გუჯა გიორგაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, 20 მაისს არის დაწერილი და ამავე დღიდან ძალაშია შესული”, – ამბობს, გამგეობის პრესსამსახურის უფროსი, ზვიად ბიაშვილი.

 

გუჯა გიორგაძის თქით, გამგებელმა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება იმ დროს მიიღო, როდესაც ის ბიულეტენზე იმყოფებოდა.

“რა მიზეზით მიიღო გამგებელმა ეს გადაწყვეტილება, ჩემთვის უცნობია, რადგან არასოდეს მიმიღია მისგან წერილობითი საყვედური და მითუმეტეს გაფრთხილება. დეტალებს ბიულეტენიდან დაბრუნების შემდეგ გავარკვევ” – ამბობს გუჯა გიორგაძე. გიორგაძე „ქართული ოცნების“ წევრია და ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ 2013 წლიდან მუშაობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button