მნიშვნელოვანირეგიონი

გურჯაანის გლეხური ბაზრის მოვაჭრეები აქციებით იმუქრებიან

გურჯაანის გლეხური ბაზრის მოვაჭრეები გარე-ვაჭრობის აკრძალვას ითხოვენ და აქციებით იმუქრებიან.
ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გურჯაანში რეგულაციის გარეშე მოწყობილი სავაჭრო ადგილებზე, მათ კონკურენციას უწევენ და ბაზარში მყიდველი აღარ შედის.

” გარეთ გაჩაღებულია ვაჭრობა. ჩვენამდე არავინ მოდის. მთელი დღე შიგნით ვდგავართ, გადასახადს ვიხდით და მთელი შეიძლება ოთხი- ხუთი მყიდველი შემოვიდეს. გარე- ვაჭრობა არის აკრძალული და რატომ აძლევენ უფლებას, არ ვიცი. თან რა პირობებში ვაჭრობენ, ანტისანიტარია და უსუფთაობაა, როგორ შეიძლება ამის ასე ყურება”- ამბობს ბაზრის ერთ- ერთი მოვაჭრე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ გარე- ვაჭრობა საკრებულოს დადგენილებით, სადღესასწაულო დღეების გარდა, აკრძალულია, თუმცა მერიას საკითხის გადაწყვეტის ბერკეტი არ აქვს.

” გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარევაჭრობა რეგულირდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 სექტემბრის დადგენილებით, რომლის საფუძველზეც მთელ ტერიტორიაზე, გარდა სადღესასწაულო დღეებისა, გარევაჭრობა აკრძალულია. ვერ გეტყვით, როგორ შეიძლება ეს პრობლემა აღმოიფხვრას. გვაქვს ინფორმაცია, რომ პარლამენტში მუშავდება პროექტი გარევაჭრობასთან დაკავშირებით. ველოდებით, როგორი იქნება ეს კანონი გარევაჭრობას მერია ვერავის აუკრძალავს, რეაგირება პოლიციამ უნდა მოახდინოს”- ამბობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი, გია ყვირალაშვილი.

გლეხური ბაზრის მოვაჭრეებმა ერთი საპროტესტო აქცია, გარე- ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით უკვე ჩაატარეს.
საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ისინი აქციების გაგრძელებითა და ცენტრალური გზის ბლოკირებით იმუქრებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button