გურჯაანის მუნიციპალიტეტში მევენახეთა აქცია მიმდინარეობს
ამ წუთებში გურჯაანის მუნიციპალიტეტში მევენახეები ქუჩაში არიან გამოსული და საპროტესტო აქციას მართავენ. სოფლების: ახაშენის, ზეგაანისა და მუკუზანის მოსახლეობის ნაწილი რქაწითელის ჯიშის ყურძენზე ფასის გაზრდასა ითხოვს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ “ქარხნებიც დროულად არ მუშაობენ და მოკრეფილ ყურძენს დაბალ ფასშიც ვერ აბარებენ”.
რთველის მიმდინარე სეზონზე ერთ კილოგრამ რქაწითელის ჯიშის ყურძენს თითქმის ყველა ქარხანა 70 თეთრად იბარებს, მევენახეები კი ამ ფასის ერთ ლარამდე გაზრდას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებს გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი შეხვდა და უთხრა, რომ დღეს მათ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი შეხვდება.
აქციის მონაწილე მევენახეები ამბობენ, რომ “თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ”.
მევენახეებმა ანალოგიური მოთხოვნით აქცია 6 სექტემბერს ყვარლის მუნიციპალიტეტშიც გამართეს, თუმცა მოთხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა.