რეგიონი

გურჯაანში 150- მდე აღსაზრდელი საბავშვო ბაღის გარეშეა დარჩენილი

სააღმზრდელო პროცესის გარეშე ბავშვების დარჩენა, სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, 7 საბავშვო ბაღის დაკეტვას მოჰყვა. ექსპერტიზა ამორტიზებულ ბაღების შენობებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნით ჩაუტარდა.

მშობლების ნაწილი ამბობს, რომ ბაღის დაკეტვის შემდეგ, ბავშვების მეზობელ სოფლებში გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა, ყველას ამის შესაძლებლობა არ აქვს.

” ბაღები დაიკეტა და დაგვრჩა ბავშვები სახლში. მეზობელ სოფლებში ტარება შეგვთავაზეს, მაგრამ ყველას ამის საშუალება არ აქვს. გვითხრეს, რომ თუ ვერ ვატარებდით, ჩვენივე სოფლებში ალტერნატიული ფართების მოძიება მოხდებოდა. ჯერ არც ეს მოწესრიგებულა. გვაქვს შიში, რომ წელს, საერთოდ, ბაღის გარეშე დავრჩებით”- ამბობს მშობელი, სოფელ შაშიანიდან.

გურჯაანის ბაგა- ბაღების გაერთიანებაში ადასტურებენ, რომ 150- მდე აღსაზრდელი ჯერ კიდევ სააღმზრდელო პროცესის მიღმაა დარჩენილი. გაერთიანების დირექტორი, შორენა ფროდიაშვილი ვარაუდობს, რომ ნოემბრის შუა რიცხვებისათვის, ყველა ბავშვი ბაღში ივლის.

” რამდენიმე სოფელში უკვე დავიქირავეთ ტრანსპორტი, რომელიც ბავშვების წაყვან- მოყვანას ემსახურება. ზოგიერთ სოფელში ალტერნატიული ფართი არ მოიძებნა, ამიტომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. რაც შეეხება, ბავშვებს, რომლებიც მეზობელ სოფლებში ვერ ივლიან, უკვე გამოძებნილია ფართები, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ ნოემბრისთვის ყველა ბავშვი შეძლებს სააღმზრდელო პროცესში ჩაერთოს”- განაცხადა ფროდიაშვილმა.

7 საბავშვო ბაღი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სამხარაულის ექსპერტოზის ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებით, სექტემბრის დასაწყისში, სააღმზრდელო პროცესის დაწყების წინ დაიკეტა. დასკვნაში მითითებულია, რომ შენობები ამორტიზებულია და გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button