მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში ატმის რეალიზაციის პრობლემაზე ჩივიან

ორი დღეა, გურჯაანში, ჩასაბარებელ პუნქტებში ხილის მიღება ნაწილობრივ შეჩერდა. პროცესის შეჩერების მიზეზად, რუსეთის მხრიდან დაწესებული შეზღუდვები დასახელდა. ფერმერებს, რომლებმაც ატმის მოსავალი უკვე აიღეს რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ. მათი ინფორმაციით, ატმის გასაღების პრობლემასთან ერთად ფასმაც დაიწია.

” ორი დღეა, ყიტაანის პუნქტებში ატამს აღარ იბარებენ, რუსეთმა კონტროლი გაამკაცრაო. მოსავლის ფასმაც დაიწია. გასულ დღეებში საბითუმო ფასი 2 დან 2.50 თეთრამდე მერყეობდა. ახლა კი 70 თეთრი და უფრო ნაკლებიც ღირს. დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე ვართ, რადგან ეს ბაღები ბაკის ვალებით მოგვყავს”- აცხადებენ ბაღების მეპატრონეები.

ოპოზიცია შექმნილ პრობლემას სარეალიზაციო ბაზრების რუსეთზე სრულად დამოკიდებულებით ხსნის.

” ეს იმის ბრალია, რომ ყველაფერი ჩამოკიდეს რუსეთზე და გლეხს ალტერნატიული ბაზარი აღარ აქვს. პრობლემის მოგვარებას თავის დროზე კი არ იწყებენ, ელოდებიან თავისით როგორ გადაწყდება”- ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თემურ ბუწაშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა მიდის.

” ჩვენ ყოველდღიურ კოორდინაციაში ვართ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და დარწმუნებული ვარ, რომ საკითხი ფერმერების ინტერესების შესაბამისად მოგვარდება” – განაცხადა ხანდამაშვილმა.

ატმის რეალიზაციის პრობლემას ფერმერები ბოლო რამდენიმე წელიწადია უჩივიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button