მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს

კორონა ვირუსის გავრცელების პიკისა და მასობრივი ღონისძიებების თაობაზე, ეპიდემიოლოგების განსხვავებული მოსაზრების მიუხედავად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს.

ღონისძიებაზე ქალაქ გურჯაანში, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მსახიობების მსვლელობა მოეწყო.
რამდენიმე ფლეშმობი წარმოადგინეს ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმაც.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, პანდემიის გამო, ღონისძიება ხალხმრავალი არ იყო.

” პანდემიის გამო, ბევრი რამ ჩაგვეშალა, ახლა ვცადეთ საზოგადოების კარგ განწყობაზე გვეზრუნა და ვფიქრობ, გამოგვივიდა. მსვლელობა ხალხმრავალი არ იყო, დადგენილ წესებსაც ვიცავდით”- განაცხადა ხანდამაშვილმა.

ეროვნული სამოსის დღის აღსანიშნავი ზეიმი, გურჯაანის იუსტიციის სახლთან, ქორეოგრაფიული ნომრით დასრულდა.

მსვლელობის მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 4237 ლარი დაიხარჯა. ღონისძიებას კი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, თბილისში რეგისტრირებული, შპს ” ავანსცენა” უწევდა მომსახურებას.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ჯერჯერობით სახიფათოდ აფასებენ, თუმცა ეროვნული სამოსის დღის გარდა, მუნიციპალიტეტი კიდევ რამდენიმე კულტურულ ღონისძიებას გეგმავს.

მაისის თვეში ჩასატარებელი ღონისძიებებისათვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, სულ ხუთი ტენდერი გამოაცხადა. აქედან ერთი, ახალგაზრდული ღონისძიებების მომსახურებისთვის გათვალისწინებული, არ შედგა.

ღონისძიებებზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გასახარჯი თანხების შესახებ, რადიო ჰერეთი უკვე წერდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button