გურჯაანში მკვლელობისთვის დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი წაუყენა
გურჯაანში, ერთი ადამიანის მკვლელობისა და სამი ადამიანის დაჭრისათვის დაკავებულ ორ პირს, ბრალი ოფიციალურად ცოტა ხნის წინ წაუყენეს.
ალექსანდრე და ჯუანშერ ტურიაშვილებისათვის ბრალის წარდგენის პროცედურა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩატარდა. დაკავებულების ადვოკატის, ილია ოთარაშვილის განმარტებით, ორივე ბრალდებული თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს.
” ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები თავს ნაწილობრივ ცნობენ დამნაშავედ. გავეცნობი შუამდგომლობას აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ, ხვალ შევხვდები დაკავებულებს და შემდგომ ტაქტიკაზე, მათთან შეთანხმებით მივიღებ გადაწყვეტილებას”-განაცხადა ადვოკატმა ილია ოთარაშვილმა.
ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, თელავის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს. სახელმწიფო ბრალდება, სასამართლოს, ბრალდებულებისათვის პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
შეგახსენებთ, შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში,25 მარტს გამთენიისას მოხდა.
გზაზე მიმავალ მსუბუქ ავტომობილს, ჩასაფრებული პოზიციიდან ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს.
სროლის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა სამი პირი.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის, 108- ე, 19, 109- ე და 376- ე მუხლებით მიმდინარეობს