მნიშვნელოვანისიახლეები

სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის საბოლოო სხდომა მიმდინარეობს

„ამ ქვეყანაში წარმატებას ებრძვიან“ -ხაზარაძე

ე.წ. ფულის გათეთრების საქმის სასამართლო სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ბრალდებულების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

მოსამართლე დღეს გადაწყვეტილების მისაღებად გავა. 3 წლიანი პროცესი, სადაც ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს ფულის გათეთრებას ედავებიან, დასკვნით ეტაპზეა. ბრალდებულები პოლიტიკურ მოტივებსა და აბსურდულ ბრალზე საუბრობენ. მათი თქმით, საქმის მასალებში არ დევს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმას, რასაც პროკურატურა სამი წელია ამტკიცებს. გარდა ამისა, მათივე თქმით, საქმეს არ ჰყავს დაზარალებული, შესაბამისად მათი შეფასებით, საქმეს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს.

ამ დროისათვის სასამართლოზე დასკვნითი სიტყვით ბრალდებულების ადვოკატი, ზვიად კორძაძე გამოდის. სავარაუდოდ მოსამართლე 2 კვირაში გამოაცხადებს განაჩენს.

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

მამუკა ხარარაძეს ბადრი ჯაფარიძის და ვატო წერეთელის ხმა

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ნაცნობს, მეგობარს და განსაკუთრებით უცნობ ადამიანებს, რომლებიც ამ სამი წლის განმავლობაში გვიცხადებდნენ ნდობას, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, მისი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე დღეს გასამართ ბოლო სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, „ამ ქვეყანაში წარმატებას ებრძვიან“ და მან აღნიშნულ სასამართლო პროცესს სპექტაკლი უწოდა.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის განცხადებით, „ფულის გათეთრების“ საქმე არის სრული აბსურდი და თუ ბრალდებულებისადმი გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ისევე როგორც ზოგადად პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებას შორის „უფსკრული გაიზრდება“.

როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაში, გამოვა, რომ ხელისუფლება წარმატებით აგრძელებს „იმ მანკიერი მართლმსაჯულების ოპერირებას, რასთან წინააღმდეგობის ტალღაზეც თავის დროზე ხელისუფლებაში მოვიდნენ“.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ლელოს ლიდერების დაკავებას ვერ გაბედავენ. როგორც ცნობილია, მოსამართლემ განაჩენი დღევანდელი პროცესის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში უნდა გამოაცხადოს.

ნიკა მელის ხმა

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე, რომლის ბოლო სასამართლოც დღეს იმართება, სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს მმართველ პარტიას. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ნებისმიერ სასამართლო სხდომაზე, კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ საქმის პოლიტიზირება გაუმართლებელია.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის და დავით სერგეენკოს ხმა

 

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

მსგავსი პოსტები

Back to top button