გურჯაანში მომხდარი მკვლელობის საქმის ახალი დეტალები-რას ყვება გარდაცვლილების ოჯახის წევრი
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილი ცოლ – ქმრის ოჯახის წევრებმა პირველი კომენტარი გააკეთეს.
სოფელ გურჯაანში მცხოვრები მერი და გურამ ზარდიაშვილების რძალი ირწმუნება, რომ სავარაუდო დამნაშავეს, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მისი ოჯახი ამ მიზეზით გაიმეტა.
მისივე მტკიცებით, მიწის ნაკვეთზე და არც სხვა რაიმე თემაზე მხარეებს წარსულში დაპირისპირება არ ჰქონიათ.
შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ გურჯაანში, დღეს, დილით მოხდა.
გამოძიების ვერსიით, 71 წლის ალექსანდრე ზარდიაშვილმა სანადირო თოფიდან გასროლით, მეზობლად მცხოვრები ცოლ- ქმარი, მერი და გურამ ზარდიაშვილები მოკლა.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა მიწის ნაკვეთზე დავას უკავშირდება. მკვლელობის შემდეგ, სავარაუდო დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა, პოლიციამ ის მალევე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზარდიაშვილს, 16 დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.