მნიშვნელოვანირეგიონი

გურჯაანში მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 1-ელ ოქტომბერს, პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

გორი-კასპის ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება, ხოლო გურჯაანში მერს ირჩევენ.
საარჩევნო ოლქში , 36 საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა.

გურჯააელი ამომრჩეველი კენჭისყრაში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მონაწილეობს.

გურჯაანის მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია ჩუთლაშვილის ინფორმაციით,
ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე არცერთი საჩივარი არ დაწერილა.

გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნებში მხოლოდ ერთი , პარტია “ქართული ოცნების” მიერ წარადგენილი კანდიდატი, 48 წლის გიორგი მაჭავარიანი მონაწილეობს.

მაჭავარიანი 2011 წლიდან, კანდიდატად წარდგენის დღემდე , “სოკარ ჯორჯია გაზის” გურჯაანის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელი იყო.

გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მიმდინარე წლის 8 ივნისს, არჩეულმა მერმა, ზურაბ უტიაშვილმა, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სულ 36 საარჩევნო უბანია, აქედან 28 უბანზე არჩევნები სრულად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, 8-უბანზე კი , კენჭისყრა აქამდე არსებული მეთოდით მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტში 50 ათასზე მეტი ამომრჩეველია.

რაც შეეხება გორი-კასპის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: გიორგი სოსიაშვილი (,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) და მამუკა ტუსკაძე (პარტია „სოციალური სამართლიანობისთვის“).

№32 გორის საარჩევნო ოლქში 68 უბანია გახსნილი და 94 987 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 52 უბანზე არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება, 16 უბანზე კი ტრადიციულად მოხდება ხმის მიცემა. ოლქში სპეციალური უბანი გახსნილი არ არის, თუმცა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლები, სპეციალური სიის საფუძველზე, საკუთარ არჩევანს გორის №12 უბანზე დააფიქსირებენ.

,,ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემის და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 52 საარჩევნო უბანზე ჩატარდება (ამ უბნებზე რეგისტრირებულია ამომრჩეველთა 84 %), 16 უბანზე კი კენჭისყრა აქამდე არსებული წესით გაიმართება, თუმცა, აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.რაც შეეხება იმას, თუ რის მიხედვით განისაზღვრა ტრადიციული და ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურები ამა თუ იმ უბანზე, ეს არის ცესკოს მიერ დადგენილი წესი, რომელმაც განსაზღვრა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიიდან 20 კმ-ის რადიუსში მდებარე საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა ელექტრონული წესით მოხდება, ხოლო დანარჩენ უბნებზე ხმის მიცემის ტრადიციული პროცედურა ჩატარდება“, – განაცხადა #32 გორის ოლქის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა.

№30 კასპის საარჩევნო ოლქში კი 39 079 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ოლქის თავმჯდომარის, ნანა ნონიაშვილის ინფორმაციით, 29 საარჩევნო უბნიდან, გორი-კასპის მაჟორიტარის შუალედური არჩევნები 23 უბანზე ელექტრონული, 6-ზე კი ტრადიციული წესით ჩატარდება. შეგახსენებთ, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო მანდატი ვადაზე ადრე დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button