გურჯაანში საბავშვო ბაღების 37 მენეჯერიდან ატესტაცია მხოლოდ 19-მა გაიარა
გურჯაანში საბავშვო ბაღების 37 მენეჯერიდან ატესტაცია მხოლოდ 19-მა გაიარა. მენეჯერების ატესტაცია, 2024 წელს დაგეგმილ საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესს უკავშირდება.
ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ავტორიზაციის პროცესისათვის მზადება უკვე დაწყებულია და მენეჯერებსაც გარკვეული საკანონმდებლო აქტებისა და უნარ- ჩვევების ფლობა ევალებათ.
” მერიის გადაწყვეტილებით, ბაღების მენეჯერები სამ წელიწადში ერთხელ გაივლიან ატესტაციას. მათ გარკვეული საკანონმდებლო აქტებისა და უნარ- ჩვევების ცოდნა ევალებათ. სამი წლის შემდეგ, 2024 წელს ბაღებისათვის სავალდებულო ავტორიზაცია შედის ძალაში. ყველაფერი ერთდროულად ვერ მოესწრება, ამიტომ ეტაპობრივად მივდევთ ამ პროცესს”- განაცხადა თევდორაშვილმა.
გურჯაანის საბავშვო ბაღების ხუთმა მენეჯერმა ატესტაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ხუთმა კი, ბარიერიც ვერ გადალახა.
მენეჯერების ატესტაცია ჯერ არ დაწყებულა თელავის მუნიციპალიტეტში.
ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ია ლუარსაბიშვილის განმარტებით, პროცესი 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.
” ჩვენთან ატესტაცია დაიგეგმა მომავალი წლიდან. გურჯაანმა უკვე ჩაატარა, თელავის მერიამ ასე გადაწყვიტა. ავტორიზაცია არ იქნება მარტივი პროცესი, ამიტომ ყველა უნდა ვემზადოთ ამისათვის”- განაცხადა ლუარსაბიშვილმა, რადიო ჰერეთთან.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბაღების ავტორიზაციის ვადა რამდენჯერმე გაახანგრძლივა.
ავტორიზაციის პროცესის შეფერხების მიზეზად, უწყებამ კორონავირუსის პანდემია დაასახელა.