გურჯაანში სამოქალაქო აქტივისტს თავს დაესხნენ

გურჯაანში სამოქალაქო აქტივისტს თავს დაესხნენ
თორნიკე თევზაძემ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
აქტივისტმა მეორე დღეა თელავის მერიასთან მიმდინარე აქციიდან გურჯაანის მერიასთან გადაინაცვლა და ერთკაციან საპროტესტო აქციას ატარებს.
თორნიკე თევზაძე არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ გატარებულ რუსულ პოლიტიკას აპროტესტებს.
თევზაძის ინფორმაციით, გურჯაანის მერიასთან, მისთვის უცნობმა მამაკაცმა უხეშად მიმართა, რასაც აქტივისტის მხრიდან შეპასუხება მოჰყვა.
ამის შემდეგ კი დაუდგენელი პირი მას თავს დაესხა და სახეში გაარტყა.
თევზაძემ მომხდარი ფაქტის შესახებ გურჯაანის პოლიციის სამმართველოს აცნობა და სამართალდამცავებისაგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.
აქტივისტი ამბობს, რომ ეს არ არის პირველი ინციდენტი, როდესაც მას აქციაზე დგომის გამო, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ემუქრებიან.
გუშინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მეორე სართულიდან საჯარო მოხელემ მას წყალი გადმოასხა.
“15 წლის ასაკიდან ვდგავარ აქციებზე. ამიტომაც, მიჩვეული ვარ, რომ დაგვიპირისპირდნენ ადამიანები, რომლებსაც პროტესტი არ აწყობთ. თუმცა, დღეს და გუშინ, ფაქტია, რომ თავდასხმები გაძლიერდა. მერიასთან ვიყავი, მოპირდაპირე მხარეს მაღაზიაში შედიოდა კაცი, რომელმაც უხეშად დამიძახა სიტყვები. მეც ვუპასუხე, რის შემდეგაც მოვიდა და შუბლში ჩამარტყა. მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიმიღია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა დღეებში თავდასხმა არ გაგრძელდება. ვერ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს მოგზავნილი ადამიანი. დაობდა გაურკვევლად, მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობაზეც”. თვითონაც შევეცდები გავარკვიო ვინ იყო და გურჯაანის პოლიციაშიც თქვეს, რომ დაადგენენ თავდამსხმელი პირის ვინაობას. გუშინაც, მერიის შენობიდან წყალი გადმომასხეს და ამ დრომდე მეუბნებიან, რომ არ იციან ვინ ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობა”- განაცხადა თევზაძემ.
სამოქალაქო აქტივისტი საპროტესტო აქციებს, სხვა მოქალაქეებთან ერთად, უკვე ორი თვეა ატარებს.
ის თელავის მერიასთან მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეა, სადაც ახალ არჩევნებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.