გურჯაანში ცხოველთა თავშესაფარი გაიხსნა

გურჯაანში ცხოველთა თავშესაფარი გაიხსნა. მიუსაფარი, შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი ინტერმუნიციპალური თავშესაფარი კახეთის რეგიონს მოემსახურება.
ახლადგახსნილი თავშესაფრის ტერიტორიაზე განთავსებულია ადმინისტრაციული და კარანტინის შენობები, ვეტერინარული კლინიკა, ლაბორატორია და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.
მიუსაფარ ცხოველთა მართვის რეგიონულ სააგენტოში იმუშავებს 24-საათიანი „ქოლცენტრი“, რომლის მეშვეობით მოხდება გამოძახება ცხოველთა გადასაყვანად.
სტერილიზაციის გარდა, თავშესაფარში ცხოველის პატრონის დადგენას, ახლის მოძიებას, ასევე, ცხოველთა ზრუნვისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებსაც ჩაატარებენ.
კახეთის რეგიონში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა 10 ათასს აჭარბებს.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა. მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის აშენება, 2 მილიონ ლარამდე დაჯდა.
უკვე რამდენიმე წელია, რეგიონში, მოსახლეობა მიუსაფარი ცხოველების პრობლემის გადაწყვეტას ითხოვს.
სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მიუსაფარი ძაღლები ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდებიან. მრავლად იყო, როგორც ადგილობრივების, ასევე უცხოელი ტურისტების დაკბენის შემთხვევები.